ტოკიოს ერთ-ერთ გაზეთში უცნაური განცხადება გამოქვეყნდა: „ვყიდი მშობლებს: მამა 68 წლისაა, დედა – 66 წლის. გასაყიდი ფასი 900 იენა“.
განცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია. ტოკიოს მცხოვრებლები შოკირებულები იყვნენ გაზეთში გამოქვეყნებული ტექსტით და ზოგი განცხადების ავტორის დასჯასაც კი ითხოვდა.
განცხადება ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა წაიკითხა, რომლებმაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაკარგეს. თავიდან ახალგაზრდებს იმის დაჯერებაც კი უჭირდათ, რომ ვიღაც საკუთარი სურვილით ამბობდა მშობლებზე უარს. მცირეოდენი ფიქრისა და თათბირის შემდეგ, ახალგაზრდებმა მოხუცების ყიდვა გადაწყვიტეს, რათა მათთვის ოჯახური სითბო და მზრუნველობა ეჩუქებინათ.
განცხადებაში მითითებულ მისამართზე მისულ ცოლ-ქმარს მდიდრული სახლი და ყვავილებით სავსე ეზო დახვდათ. ჩათვალეს, რომ მისამართი შეეშალათ, ან განცხადება ვიღაცის ხუმრობა იყო და წასვლას აპირებდნენ, როცა ეზოს კარი გაიღო და მოხუცმა კაცმა სახლში შეიპატიჟათ.
სასტუმრო ოთახში შესულ წყვილს სანდომიანი მოხუცი ქალი შეეგებათ. მოხუცმა კაცმა დაბნეულ ახალგაზრდებს დაჯდომა შესთავაზა და უთხრა:
– როგორც ხედავთ, ღარიბები არ ვართ, მაგრამ არავინ გვყავს, ვისაც შეიძლება, მემკვიდრეობა დავუტოვოთ. ღირსეული მემკვიდრის საპოვნელად, მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ, გაზეთში განცხადება გამოგვექვეყნებინა. ვიცოდით, რომ ასეთ განცხადებას მხოლოდ კეთილი და გულისხმიერი ადამიანები გამოეხმაურებოდნენ, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავით, რომ ასეთები კიდევ დარჩნენ. თქვენ ნამდვილად ღირსეულად მოიქეცით, ამიტომ ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია, ჩვენს მემკვიდრეებად გამოგაცხადოთ.
კომენტარები