ნამდვილი არქიტექტორისთვის სტანდარტული პროექტი არ არსებობს. მისთვის თითოეული ნამუშევარი განსხვავებული და უნიკალურია, ზოგჯერ კი კომპრომისების ძიებაში ისეთი უჩვეულო ობიექტები იქმნება, როგორიც ეს ვიწრო სახლია, რომელიც ჩიკაგოს გარეუბანში აშენდა.
ერთი ჩვეულებრივი, ამერიკული კვარტალის განაშენიანების შემდეგ სამკუთხედის ფორმის თავისუფალი მიწის ნაკვეთი დარჩა, რომლის ფართობი მხოლოდ 0,04 ჰექტარს შეადგენდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი გაყიდვა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო, რის გამოც ფასი მინიმუმამდე შემცირდა.
საბოლოოდ, მიწა ადგილობრივი არქიტექტურული ფირმის თანამშრომელმა, გრეგ ვაისმანმა იყიდა და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენება გადაწყვიტა, თუმცა პირველ სირთულეებს შეეჯახა. საქმე ის იყო, რომ მიწის ნაკვეთს არა მხოლოდ უცნაური, მოუხერხებელი ფორმაც ჰქონდა, არამედ, ამასთანავე შენობას, ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ტერიტორიის 40% მეტი არ უნდა დაეკავებინა. ამასთან სახლის მფლობელი ვალდებული იყო, სახლსა და გზის სავალი ნაწილის შორის საკმარისი ადგილი დაეტოვებინა.
***
არქიტექტორმა შექმნილი სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავალი იპოვა და ააშენა ორსართულიანი სახლი სარდაფით, რომლის ფორმა წაგრძელებულ სამკუთხედს ჰგავდა.
უცნაური სახლის ყველაზე ვიწრო კედლის სიგრძე მხოლოდ 0,9 მეტრი იყო, მისი მოპირდაპირე კედლის კი – 7,6 მეტრი. უცნაურ სახლს ადგილობრივებმა Pie House (სახლი ღვეზელი) შეარქვეს. მართლაც, შორიდან ის გიგანტური ღვეზელის ნაჭერს წააგავდა. გამვლელები უცნაურ სახლთან ხშირად ჩერდებიან, ზოგი კი შიგნით შესვლას და დათვალიერებასაც კი ცდილობს.
***
ვიწრო მხრიდან სახლი ისე ჩანს, თითქოს იქ პატარა მაგიდისა და სკამის ადგილიც არ მოიძებნება. სინამდვილეში, განსაკუთრებული დაგეგმვის წყალობით, სახლი საკმაოდ ფართო და კომფორტულია.
მისაღები ოთახი, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული, ავეჯი კედლებზე მჭიდროდ არის მიდგმული, სანათები კი ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. ასეთი დიზაინით სახლის მფლობელმა მის უნიკალურობას და ერთი ფუნქციური ზონიდან მეორეზე თანდათან გადასვლას გაუსვა ხაზი.
კოტეჯს ორი ფართო საძინებელი აქვს. თითოეულის გვერდით პატარა აბაზანაა. კიდევ ერთი სველი წერტილი მისაღები ოთახის გვერდით, სახლის ვიწრო ნაწილშია განთავსებული.
კომენტარები