ის არც პოეტი იყო, არც მხატვარი, არც დიპლომატი, არც მსახიობი, თუმცა მის მეგობრებს შორის იყვნენ უინსტონ ჩერჩილის მეუღლე კლემენტინა, კოკო შანელი, მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა, ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი, მსახიობი პიტერ უსტინოვი, მაქსიმ გორკის ყოფილი ცოლი, ბარონესა ბუდბერგი… მასთან მეგობრობას უფრთხილდებოდნენ, სიყვარულზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ. უმშვენიერეს სალომე ანდრონიკაშვილს მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსმა პოეტებმა „ვერცხლის საუკუნის უკანასკნელი მუზა“ უწოდეს…
1888 წელს აგრონომის, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალების გამომცემელის, ბათუმის ქალაქისთავის ნიკოლოზ ანდრონიკაშვილისა და მისი მეუღლის ლიდია პლიშევას ოჯახში გოგონა – სალომე ანდრონიკაშვილი დაიბადა. ამ დროისთვის მას უკვე ჰყავდა და – მარიამი და ძმა – იასე, რომელიც, თანამედროვეთა გადმოცემით, იშვიათი სილამაზის კაცი ყოფილა.
ფოტოზე: სალომე ანდრონიკაშვილი, გადაღებულია ქ. ბათუმში, მამამისის ბათუმის თავის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1902 წლიდან 1916 წლამდე.
ულამაზესი სალომეს პირველი ქორწინება უიღბლო გამოდგა. რუსი მემამულე პავლე ანდრეევი უზომოდ არასტაბილური და ეგზალტირებული ადამიანი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ ის პირველი ცოლის ღვიძლ დაზე იყო შეყვარებული, რაც სალომემ არ აპატია და, ადვოკატ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის დახმარებით, განქორწინებას მიაღწია. ქართველი თავადის ასულს ანდრეევისგან ერთადერთი შვილი დარჩა, რომელიც მამას არასოდეს უნახავს.
ფოტოზე: სალომე ანდრონიკაშვილი, შვილთან ერთად
განქორწინების შემდეგ ჩიტივით თავისუფალი და მატერიალურად უზრუნველყოფილი სალომე პეტერბურგის ელიტარული საზოგადოებისა და რუსი პოეტების შემოქმედებითი მუზა გახდა.
რუსმა მხატვრებმა კუზმა პეტროვ-ვოდკინმა, ზინაიდა სერებრიაკოვამ, ვასილ შუხაევმა, საველი სორინმა და ალექსანდრე იაკოვლევმა სალომეს სახე ტილოზე გადაიტანეს.
ფოტოზე: სალომე ანდრონიკაშვილის პორტრეტი, მხატვარი ზინაიდა სერებრიაკოვა, 1925 წ.
იმ დროისთვის პოპულარული მწერალი იგორ ობოლენსკი სალომე ანდრონიკაშვილს ასე იგონებდა:
„ანდრონიკაშვილის ყურადღებას ეძიებდნენ, მასთან მეგობრობას უფრთხილდებოდნენ, სიყვარულზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ. არ იყო მხატვარი, რომელიც მისი პორტრეტის დახატვას არ ლამობდა. ანა ახმატოვამ წიგნი აჩუქა წარწერით „მეგობრობის იმედით“.
ბოლშევიკების გამოჩენის შემდეგ, პეტერბურგის იდილიური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. რუსეთის იმპერიას რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ნგრევა და სიკვდილი დაატყდა თავს და ნევაზე მდებარე ქალაქში ცხოვრება სახიფათო გახდა. რუსი არისტოკრატია ნელ-ნელა ემიგრაციაში მიემგზავრებოდა.
სალომეზე უგონოდ შეყვარებული პეტერბურგელი ადვოკატი, დროებითი მთავრობის საქმეთა მმართველი და კერენსკის უახლოესი მეგობარი ალექსანდრე გალპერნი ქართველ ქალს ემუდარებოდა, რომ პეტერბურგიდან წასულიყო.
გალპერნი მალე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, სალომემ კი მეგობრის გონივრული რჩევა გაითვალისწინა და 1917 წელს, შვილთან ერთად, ბაქოს გავლით, თბილისში გამოემგზავრა.
ხარკოვში გამოვლისას სალომე ბოლშევიკების ხელში ჩავარდა და გარდაუვალი სიკვდილისგან მომავალმა მეუღლემ, საფრანგეთის არმიის მზვერავმა, მაქსიმ გორკის შვილობილმა და იაკობ სვერდლოვის ღვიძლმა ძმამ, ზინოვი პეშკოვმა იხსნა.
„მამა! დაურეკე ლენინს, ტროცკის, თუნდაც კარლ მარქსს, მაგრამ ხარკოვის ციხიდან იხსენი სალომე ანდრონიკოვა“, – წერდა ზინოვი გორკის.
მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ციხიდან განთავისუფლებული სალომე მალე თბილისში ჩამოვიდა.
პეტერბურგის მსგავსად, ანდრონიკაშვილის ქალი ქართველი ხელოვანების შემოქმედებით მუზად იქცა. გრიგოლ რობაქიძემ სალომეს ლექსი „ოფორტი“ უძღვნა.
ფოტოზე; სალომე ანდრონიკაშვილი, 1910 წ.
პაპუნა წერეთლისთვის მიწერილ წერილებში სალომე წერდა:
„რა თქმა უნდა, ვიცნობდი ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს. მათი მრავალი ჩანაწერი მქონდა ალბომში, რომელიც ომის დროს დაიწვა, რადგან იმ სახლს, სადაც ახლაც ვცხოვრობ, ბომბი მოხვდა. იმავე კარადაში დაიღუპა სამი ალბომი – ლუკომსკის პეტერბურგის დროინდელი შესანიშნავი აკვარელები. მრავალ ქართველ მხატვარსა და მწერალს, ვისაც თქვენ მისახელებთ, არ ვიცნობდი. არ დაგავიწყდეთ, რომ ვცხოვრობ ლონდონში, სადაც, პარიზისგან განსხვავებით, რუსეთიდან ემიგრანტები ცოტანი არიან. ლონდონში რუსულ, მით უფრო, ქართულ ფილმებს იშვიათად უჩვენებენ. მიუხედავად ამისა, ვნახე, ორჯერაც კი, ფილმი „ფიროსმანიშვილი“, ვნახე, დიდი აღფრთოვანებით, ქართველი მოცეკვავეები. მხატვარ გუდიაშვილს პარიზიდან ვიცნობ“.
ქართველ მზეთუნახავს სამშობლოში მშვიდად ცხოვრება არ დასცალდა. მისი სილამაზით მოხიბლული, გამოცდილი მზვერავი ხვდებოდა, რომ, ადრე თუ გვიან, ბოლშევიკები საქართველოშიც შეაღწევდნენ და სალომეს საფრანგეთში წასვლას ურჩევდა. ზინოვი პეშკოვი საქართველოს მენშევიკურ მთავრობაში ფრანგული წარმომადგენლობის წევრი გახლდათ და მისი დახმარებით სალომე ანდრონიკაშვილი ბათუმიდან საფრანგეთის სამხედრო გემს გაჰყვა.
1920 წლიდან სალომე საცხოვრებლად პარიზში დასახლდა. 1926 წელს თავის ძველ თაყვანისმცემელს, დროებითი მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მდივანსა და ბოლშევიკთა ტყვეობას გადარჩენილ ალექსანდრე გალპერნს ცოლად გაჰყვა, თუმცა ზინოვისთან მიმოწერა არ შეუწყვეტია.
გალპერნი დიპლომატიური მისიებით ხან მაროკოში იმყოფებოდა და ხან იაპონიაში. მის ქართველ მეუღლეს კი მოწყენილობისთვის არ ეცალა.
პარიზში სალომე კოკო შანელსა და პოეტ მარინე ცვეტაევას დაუმეგობრდა და პარიზის მოდის ჟურნალში დაიწყო მუშაობა.
ცნობილია, რომ სწორედ ანდრონიკაშვილმა იხსნა ცვეტაევა შიმშილისგან, როცა მოდების ჟურნალში აღებული ხელფასის ნაწილს ცვეტაევას აძლევდა და რუს ემიგრანტთა შორის პოეტის დასახმარებლად ფულს აგროვებდა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სალომე და გალპერნი ევროპას გაერიდნენ და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდნენ.
ამ პერიოდს უკავშირდება სალომე ანდრონიკაშვილის მეგობრობა არისტოტელე ონასისთან.
1945 წელს გალპერნი ლონდონში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. სალომეს მეუღლე ნისლიან ალბიონზე ოჯახით დაფუძნდა და ჩელსში პარკ გარდენსზე დიდებული ბინა შეიძინა.
ნისლიან ალბიონზე სალომე ჩვეულ, არისტოკრატიულ ცხოვრებას აგრძელებდა და ინგლისური ჩაის საღამოებზე ცნობილ სტუმრებს იღებდა.
მის მეგობრებს შორის იყვნენ ინგლისის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მეუღლე კლემენტინა, ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი, მსახიობი პიტერ უსტინოვი, მაქსიმ გორკის მუზა და ყოფილი ცოლი ბარონესა ბუდბერგი და სხვები.
ასაკის მატებასთან ერთად, სალომე სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა კულინარიით. ერთ მშვენიერ დღეს კი სამშობლოს მონატრებულმა ქართული კულინარიული რეცეპტების წიგნი გამოსცა.
„მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მუზა ვიყავი, სიბერეში კი მივხვდი, რომ მზარეული ვყოფილვარ“ – ხუმრობდა საკუთარ თავზე. ლონდონელებმა ინტერესით მიიღეს ქართველი თავადის წიგნი. ამბობენ, რომ იმ პერიოდში მთელი ლონდონი საცივსა და ჩახოხბილს აკეთებდა.
სიცოცხლის ბოლო წლები სალომე ანდრონიკაშვილმა მარტოობაში გაატარა.
„ასე ვცხოვრობ უსაშველოდ მომხიბლავ სახლში, დიდი ბაღით, რომელიც უზარმაზარი ხეებითაა შემოფარგლული. ტელევიზორისა და რადიოს გარეშეც კი. ვერ ვიტან ამ მოლაპარაკე ყუთებს. სამაგიეროდ, ვკითხულობ… სანამ არ მოვკვდები, არ მსურს, გამოვეთხოვო ჩენს ნახატებსა და წიგნებს. სიკვდილი ახლოსაა, რადგან უკვე 90 წლისა ვარ! მუდმივი სიცოცხლე მინდა, მაგრამ ეს ბუნებითაა დადგენილი… არავის სჯერა ჩემი ასაკი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმალავ. შესანიშნავი ფიგურა მაქვს და ამბობენ, რომ ლამაზი ვარ! დაფიქრდით, რა საოცრებაა! 70 წლისას ვგავარ, ყველაფერი შემიძლია, ყველაფერს მივირთმევ, ყველაფერს ვსვამ და ას წლამდე ვაპირებ ცხოვრებას… ყველა გარდაიცვალა, მე კი ისევ ცოცხალი ვარ. და არ მინდა სიკვდილი…“
კომენტარები