ორი დღის წინ მარნეულიდან გავრცელებულმა ვიდეომ სოციალური ქსელი ააჭრელა – საკარანტინო ზონაში დალაქიშვილების ოჯახმა საცხობიდან პური სამი დღის განმავლობაში უფასოდ გასცა.
„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად მარნეულის სოფელ თამარისში მცხოვრებ დალაქიშვილების ოჯახს დაუკავშირდა. თუმცა ოჯახმა, ვიდეოს გადაღებაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, ეს ყველაფერი პიარისთვის არ გაუკეთებიათ.
როგორც ქალბატონი დალი „პრაიმტაიმს“ უყვება, ეს მისი შვილის, დავითის იდეა იყო, რათა ხალხისთვის დახმარება გაეწიათ და თავისი წვლილი შეეტანათ კორონავირუსთან ბრძოლაში.
გიორგი 24 წლის არის. კორონვირუსის პანდემიამდე თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში დაცვის თანამშომელი იყო.
„როდესაც კარანტინი გამოცხადდა, იმ ღამეს ჩემმა შვილმა მითხრა, რომ პური უფასოდ გაგვეცა დილიდან. მე დავთანხმდი, ფქვილის მარაგიც ცოტა, მხოლოდ ხუთი ტომარა გვქონდა.
ვიფიქრე, ასეთ დროს ფქვილს მაინც ვეღარ მოვიმარაგებ-თქო და საცხობიც უნდა დამეხურა. ორი ტომარა ოჯახისთვის გადავდეთ და დანარჩენი სამი ტომარა, რაც გამოვაცხვეთ, გავეცით“ – გვიყვება ქალბატონი დალი.
როგორც აღმოჩნდა, ოჯახს მარნეულში უკვე ერთი წელია, რაც თონე აქვს და შემოსავლის ძირითადი წყაროა.
ქალბატონი დალის თქმით, ოჯახი აპირებს რომ საცხობიდან პური დაბალ ფასში გაყიდოს. ხოლო შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უფასოდ გასცეს.
„თუ მოდის ოჯახი, რომელიც მრავალშვილიანია, რასაც ყიდულობს დამატებით სამ პურს ვაძლევ და ოჯახში თუ ცოტა ადამიანია და შეჭირვებული – ორ პურს.
პური 80 თეთრი ღირდა, ახლა კი 70 თეთრად ვყიდით. ჩვენ ოჯახს უნდა მთელი ეს დრო ადამიანებს დავეხმაროთ როგორც შევძლებთ“, – ამბობს ქალბატონი დალი.
წყარო: primetime.ge
კომენტარები