თითქმის 20 წლის შემდეგ ავღანეთს კვლავ „თალიბანი” მართავს. ისინი შარიათის კანონების დაწესებისთვის ემზადებიან. ამასთან, ქაბულში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ევაკუაციის პროცესი, რომელიც თალიბანის პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
ვინ არიან „თალიბანის” ლიდერები, რომლებიც 20 წელია იმალებოდნენ, სხვადასხვა დროს ისხდნენ ციხეში, გაურბოდნენ ამერიკულ დრონებს, ახლა კი ქვეყნის საჯარო ასპარეზზე გამოჩნდნენ:
ჰაიბათულაჰ ახუნდზადა
მას შემდეგ, რაც 2016 წელს ახტარ მანსური პაკისტანში მოკლეს, ახუნდზადა თალიბანის უმაღლესი ლიდერია. ის უფრო რელიგიური პირია, ვიდრე მებრძოლი. ახუნდზადა ყანდაარის პროვინციაში დაიბადა. 80-იან წლებში საბჭოთა ძალებს ებრძოდა, მოგვიანებით კი ოჯახთან ერთად პაკისტანში გადაბარგდგა და მედრესეებში ასწავლიდა.
1994 წელს შეუერთდა თალიბანს, რელიგიური სკოლების რადიკალურად განწყობილი სტუდენტების მოძრაობას, რომელიც რამდენიმე თვით ადრე მულა ომარმა სამ თანამოაზრესთან ერთად პაკისტანში დააფუძნა.
თალიბანის პირველი მმართველობის დროს (1996-2001) ახუნდზადა ერთ-ერთ შარიათის კანონებით მართულ სასამართლოს ხელმძღვანელობდა.
თალიბანის ლიდერი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯარო სივრცეში. თავად თალიბებს შორის მკაცრი კონსერვატორული მიდგომებითაა ცნობილი.
აგვისტოს დასაწყისში, თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაადასტურა, რომ ახუნდზადა დაჯგუფების უმაღლესი ლიდერი და ავტორიტეტია.
აბდულ ღანი ბარადარი
ბარადარი პოლიტიკურ საკითხებში ახუნდზადას მოადგილე, მთავარი დიპლომატი და საჯარო პირია . ერთ-ერთია თალიბანის ოთხ თანადამფუძნებელთაგან.
სწორედ მან გააკეთა ოფიციალური განცხადება თალიბანის გამარჯვების შესახებ.
არსებული ცნობებით, ბარადარი ურუზგანის პროვინციაში დაიბადა. საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ თავად მოლა ომართან ერთად იბრძოდა და 1994 წელს ომართან ერთადვე დაარსა თალიბანი.
არსებული მონაცემებით, ის აქტიურად იყო ჩართული საომარი მოქმედებებისა და ტერაქტების დაგეგმვაში, ასევე, პასუხისმგებელი იყო დაჯგუფების ფინანსებზე.
2001 წელს აშშ-ის ძალების მიერ თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ საჯაროდ ნაკლებად ჩნდებოდა. 2010 წელს, ქალაქ კარაჩიში (პაკისტანი), აშშ-ისა და პაკისტანის ერთობლივი სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მან რვა წელი გაატარა პაკისტანის ციხეში.
ბარადარი 2018 წელს, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საფუძველზე გაათავისუფლეს.
საინტერესოა, რომ 2019 იანვრიდან იგი ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფებოდა, სადაც ხელმძღვანელობდა თალიბანის დელეგაციას აშშ-თან მოლაპარაკებებში. 2020 წლის თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ასევე, მასსა და იმჟამინდელ ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა.
მას ახასიათებენ, როგორ მშვიდ და საქმიან დიპლომატს დიდი ამბიციებით.
მუჰამედ იაკუბი
ჰაიბათულა ახუნდზადას მოადგილე სამხედრო საქმეებში. გარდაცვლილი მოლა ომარის ვაჟი. ის დაახლოებით 30 წლის უნდა იყოს.
2016 წელს ამერიკული დრონების თავდასხმის შედეგად, ახტარ მანსურის გარდაცვალების შემდეგ, თალიბანის ახალ ლიდერად მუჰამედ იაკუბი მოიაზრებოდა, თუმცა დაჯგუფების ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და არ გააჩნდა სათანადო გამოცდილება.
ითვლება, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ღანი ბარადართან და მასთან ერთად მოძრაობის ზომიერ ფრთას წარმოადგენს.
მუჰამედ იაკუბი ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოჩენილა.
სირაჯუდინ ჰაკანი
მამის, ჯალალედინ ჰაკანის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 1980-იან წლებში მოჯაჰედების დაჯგუფების ხელმძღვანელი იყო, სირაჯუდან ჰაკანი დაჯგუფება “ჰაკანის ქსელის” ლიდერი გახდა და თალიბანს შეერწყა.
„ჰაკანის ქსელი” თალიბანის ყველაზე ორგანიზებულ და ბრძოლიუნარიან დანაყოფია. „ჰაკანის ქსელია” პასუხისმგებელი გახმაურებულ თავდასხმებზე ავღანური არმიისა და საერთაშორისო კოალიციის ძალებზე.
არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს დაჯგუფება აკონტროლებს ავღანეთ-პაკისტანის საზღვარს. სირაჯუდან ჰაკანი 45 წლისაა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
აბდულა ჰაკიმი
ჰაკიმი დაჯგუფებაშ ავტორიტეტულ ღვთისმეტყველადაა მიჩნეული. ასევე, ითვლება, რომ ის ჰაიბათულაჰ ახუნდზადას ყველაზე დაახლოებული პირია. როგორც ახუნდზადა, ისიც, არასდროს ყოფილა უშუალოდ ბრძოლებში ჩართული საველე მეთაური.
ექსპერტების პროგნოზებით, შესაძლოა, ახალ ავღანეთში სწორედ მან უხელმძღვანელოს შარიათის სასამართლოს.
2020 წლიდან დოჰაში “თალიბების” დელეგაციას ხელმძღვანელობდა. აქამდე ის კვეტაში ცხოვრობდა, რომელიც „თალიბების” არაოფიციალურ დედაქალად ითვლება, რასაც პაკისტანის ხელმძღვანელობა უარყოფს.
აბდულ ჰაკიმი კვეტაში (პაკისტანი) მედრესესა და რელიგიურ მოღვაწეებს ხელმძღვანელობდა, სადაც ძირითადად ავღანელები სწავლობდნენ.
კომენტარები