სამების ტაძარში ხატისთვის საღებავის შესხმის გამო აქტივისტ ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარდა. შსს-ის თანამშრომლებმა მას სახლში მიაკითხეს და აიყვანეს.
„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებ. ცალსახად ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მე მჭირდებოდა დაცვა, რადგან იყო ბევრი მუქარა. რეაგირება საერთოდ არ ჰქონიათ, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე დაცვაც მომიხსნეს. პირი ამოიკერეს ჩვენმა სამართალდამცველებმა.
ოფიციალურად შევიტანეთ მოთხოვნა, რომ დაცვა დაეყენებინათ, „საია“ მეხმარებოდა ამ საქმის წარმოებაში და პასუხს არ გვცემენ, ტელეფონს გვითიშავენ. აქამდე ჯარიმას იყენებნდნენ და ნახეს, რომ თანხა გვროვდებოდა და ეს არ გვაფერხებდა. ახლა დაშინების მეთოდზე გადავიდნენ და ალტ-ინფოს აჩვენებენ, რომ ციხეში მსვამენ ხატის შეურაცხყოფის გამო“, – ამბობს ნატა ფერაძე.
ნატა ფერაძე აპირებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფოს მისი უფლებების დასაცავად დახმარებისთვის მიმართა.
„იმედი მაქვს, ამერიკის სახელმწიფო დამეხმარება დაცვაში. მათ მივმართე. როგორც კი გამოვალ ციხიდან, ვაპირებ გავაკეთო სტალინის მსხვერპლთა მემორიალი. ერთხელ გვქონდა მცდელობა, რომ დაგვერგო მემორიალური ტყე და სამწუხაროდ, გახმა იმ ადგილას, რუსთავში, სადაც ხვრეტდნენ ადამიანებს. ახლა შევარჩიეთ არაჩვეულებრივი ადგილი. კალაძე, არ გეტყვი სად, მაგრამ იქ დავდგამთ დიდ მემორიალს, სადაც ვერაფერს იზამთ,“ – განაცხადა აქტივისტმა ნატა ფერაძემ.
ცნობისთვის, ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში საღებავი შეასხა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული. ფერაძე პოლიციამ გამოკითხა. რამდენიმე დღეში კი მის სახლთან პრორუსული დაჯგუფების წევრები მივიდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ.
კომენტარები