
აფეთქება კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. მადურო ნაციონალური გვარდიის შექმნის წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.
მადუროს სიტყვა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. კადრებში ჩანს, როგორ შეწყვიტა საუბარი პრეზიდენტმა, მალე კი შეკრებილი ხალხი აქეთ-იქით გაიფანტა.
დაცვამ პრეზიდენტის ევაკუაცია მოახდინა. მოგვიანებით, ქვეყნის ინფორმაციისა და კავშირგამბულობის მინისტრმა დაადასტურა, რომ ნიკოლას მადუროზე თავდასხმა მოხდა.
აფეთქებისთვის მფრინავი დრონი გამოიყენეს, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აფეთქებისას 6 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, თავად პრეზიდენტი არ დაშავებულა.
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადითაირჩიეს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აშშ-მა ვენესუელას სანქციები დაუწესა
მადურო, რომელიც უგო ჩავესის მმართველობის დროს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მთავრობის სათავეში 2013 წლის მარტში, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.
იმავე წლის აპრილში კი უკვე არჩევნებში გამარჯვებით მან ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.
გასული წლის დეკემბერში, მადურომ განაცხადა, რომ მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას ვერ მიიღებდა. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
კომენტარები