
ყოველთვის გაორებული გრძნობა მაქვს-ხოლმე.წარმატება ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩემთვის სიახლე არ არის, როგორც დირიჟორისთვის. ბევრი ორკესტრისთვის მიდირიჟორია და ჩვეულებრივი მომენტივითაა. ბოდიში, რომ ამას ვამბობ. უმნიშვნელოვანესია ნაწარმოების წარმატება და ამიტომ, როგორც კომპოზიტორი, ვარ ბედნიერი და კმაყოფილი, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ ანტვერპენში განუცხადა, სადაც „ევროპალიის ფესტივალის“ ფარგლებში გამართულ კონცერტზე მისი „რეკვიემი“ შესრულდა.
მისი თქმით, „რეკვიემი“ მშობლებს მიუძღვნა, თუმცა დღეიდან მიაჩნია, რომ იგი მხოლოდ მის მშობლებს არ ეკუთვნის.
„რეკვიემი 3-ჯერ შესრულდა თბილისში, სადაც ძალიან ძნელია ობიექტური აზრი გამოიტანო, რადგან დარბაზში უამრავი ახლობელია, ნათესავები შემსრულებლების, მტრებიც არიან, მაგრამ ობიექტური მსმენელი ნაკლებადაა. აქ იყო აბსოლუტურად ნეიტრალური მსმენელი, რომელმაც პირველად მოისმინა. ის შეფასება, რაც მოჰყვა და დაიმსახურა ნაწარმოებმა, მჯერა ის შეფასებაა, რაც შეიძლება ყველა სხვა ევროპულ ქალაქში მოჰყვეს. ძალიან ბევრი დისკი იყიდეს.
კომპოზიტორი როდესაც რეკვიემს წერს, ეს ნიშნავს რომ მისთვის გამოუვალი მდგომარეობაა, მისი სულიერი მდგომარეობა ისეთია, რომ რეკვიემის დაწერის მოთხოვნილებაა. მე რეკვიემი ჩემს მშობლებს მივუძღვენი და შემიძლია ვთქვა, რომ დღეიდან რეკვიემი მხოლოდ ჩემს მშობლებს არ ეკუთვნის. ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა ყოველდღე ვისმენ თქვენს რეკვიემსო და დისკს ვყიდულობ იმისთვის, რომ ქმარს დავუბარო, ლაკრიმუზათი დამასაფლავეთო.
ძალიან ბევრი ბოდიში მოვუხადე ამ ქალბატონს, მაგრამ მეორე კუთხით, ეს არის უდიდესი ბედნიერება და კომპლიმენტია. ბრწყინვალედ იმღერა გუნდმა, ორკესტრზე აღარაფერს ვამბობ. სოლისტები იყვნენ შეუდარებლები. არ დაუშვიათ შეცდომა.
ამ დარბაზს აქვს საოცარი აკუსტიკური შესაძლებლობები და ბოლომდე ყველამ ეს შესაძლებლობა. უმაღლეს დონეზე იყო გაბრიელ ჩომახაშვილი. რამდენიმე წელიწადში მას ხმა დაუბოხდება და ეს შეგრძნება და წარმატება გაჰყვება მუდამ. ბედნიერი ვარ, როგორც კომპოზიტორი, როგორც დირიჟორი. ბედნიერი ვარ და ბედნიერი ვარ, როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა კულტურის სამინისტროს. ჩვენი ქვეყნის ინვესტიცია ამ ფესტივალზე არის განუზომელი მნიშვნელობის“, – განაცხადა ვახტანგ კახიძემ „ქრონიკასთან“.
ევროპელი მსმენელის ხანგრძლივი აპლოდისმენტები ისმოდა ანტვერპენში, სადაც ევროპალიის ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს, ვახტანგ კახიძის კიდევ ერთი აღიარება მოჰყვა.
კომენტარები