
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.
მედიის ცნობით, საეკლესიო პირი ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში.
„ის რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს.
2022 წლის მარტში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ლიტურგიის ამსახველი მასალა, რა დროსაც პატრიარქმა დალოცა რუსეთის გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
ამის შემდეგაც, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა არაერთხელ დაუჭირა მხარი რუსეთის აგრესიას უკრაინაში“, – ნათქვამია საქმის მასალებში.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ მტკიცებულებები გენერალურ პროკურატურასთან ერთად შეაგროვეს.
კომენტარები