„მეტას“, „ტიკტოკის“, „იქსისა“ და სხვა სოციალური მედიის კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარდგნენ. მათ უპასუხეს სენატორების შეკითხვებს ახალგაზრდების ცხოვრებაზე სოციალური მედიის გავლენის შესახებ.
კანონმდებლებს სურდათ, გაეგოთ, რას აკეთებენ სოციალური ქსელების აღმასრულებელი დირექტორები, რათა დაიცვან ბავშვები, რომლებიც სოციალურ ქსელებს იყენებენ.
სენატში სოციალური პლატფორმების აღმასრულებელი დირექტორების უკან ისხდნენ ოჯახები, რომელთა თქმითაც, მათმა შვილებმა სოციალური მედიის კონტენტის გავლენის შედეგად თავი დაიზიანეს ან სუიციდს მიმართეს. მოსმენა დაიწყო მოზარდებისა და მათი მშობლების წინასწარ ჩაწერილი ჩვენებებით, რომლებიც ამბობდნენ, რომ სოციალური მედიის საშუალებით ისინი ან მათი შვილები დაზარალდნენ.
როგორც მედია წერს, დღევანდელი მოსმენა იყო იშვიათი საშუალება ამერიკელი სენატორებისთვის, რომ კითხვები დაესვათ სოციალური ქსელების ხელმძღვანელებისთვის, რადგან ახლა კონგრესში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს, სოციალური მედიის კომპანიებს დაეკისროს პასუხისმგებლობა მათ პლატფორმებზე განთავსებულ მასალებზე.
„მეტას“ დირექტორი მარკ ცუკერბერგი და „ტიკტოკის“ ხელმძღვანელი შოუ ჩიუ მოსმენაში მონაწილეობას დათანხმდნენ, ხოლო „სნეპჩეთის“, „იქსისა“ და „დისქორდის“ პლატფორმების ხელმძღვანელებმა ნებაყოფლობით მისვლაზე უარი განაცხადეს და ისინი სენატში ოფიციალურად გამოიძახეს.
რაც შეეხება, „მეტას“ აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს, რომელიც კონგრესის წინაშე უკვე მერვედ დაიკითხა, მედია წერს, რომ ის ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კურზმა ცუკერბერგს ჰკითხა „რა ჯანდაბაზე ფიქრობდა?“ , შემდეგ მან აჩვენა სოციალური ქსელების ხელმძღვანელებს „ინსტაგრამის“ გაფრთხილება, რომელიც მომხმარებლებს ატყობინებს, რომ ახლა მათ შესაძლოა, ნახონ „მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალა“ და ეკითხება მათ, მაინც სურთ თუ არა ამ მასალის ნახვა.
ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ ამ შემთხვევას პირადად შეისწავლის. „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ შემქმნელი სენატის დარბაზში მყოფი მშობლების მხარეს შებრუნდა და განაცხადა: „ბოდიშს ვიხდი ყველაფრისთვის, რაც ყველამ გამოიარეთ, ეს საშინელებაა. არავინ უნდა გადაიტანოს იგივე, რაც თქვენმა ოჯახებმა განიცადეს“.
ამასთან, სენატორებმა „ტიკტოკის“ აღმასრულებელ დირექტორს, შოუ ჩიუს ჰკითხეს, გაუზიარა თუ არა მისმა კომპანიამ ჩინეთის მთავრობას აშშ-ის მომხმარებელთა მონაცემები, რაც ჩიუმ უარყო. შოუ ჩიუმ დასძინა, რომ როგორც სამი მცირეწლოვანი შვილის მამამ, იცის, რომ განხილული საკითხები „საშინელებაა და კოშმარი ყველა მშობლისთვის“. ჩიუს განცხადებით, მის შვილები არ იყენებენ „ტიკტოკის“ პლატფორმას, რადგან მათ ქვეყანაში, სინგაპურში არსებობს წესი, რომელიც კრძალავს 13 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის ანგარიშების შექმნას.
სოციალური ქსელების ხელმძღვანელებს სენატორები ორივე პარტიიდან თითქმის ოთხი საათის განმავლობაში უსვამდნენ შეკითხვებს. მოსმენის წინ „მეტამ“ უსაფრთხოების ახალი ზომების შესახებ განაცხადა, მათ შორის, არასრულწლოვანები ახლა სტანდარტულად ვეღარ შეძლებენ შეტყობინებების მიღებას „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“ უცხო ადამიანებისგან.
მოსმენის შემდეგ, დარბაზში მყოფი მშობლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი კონგრესმენებს მოუწოდებდნენ, დაუყოვნებლივ მიიღონ კანონი, რომელიც შესაძლებელს გახდის, ამ კომპანიების მიმართ პასუხისმგებლობა დადგეს.
კომენტარები