გრიპის ვირუსის გამო არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. ქვეყანაში ამ ეტაპზე ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის გართულების შემთხვევები ნაკლებია.
„საბედნიეროდ, წამყვანი ვირუსი B ტიპის ვირუსია, რომლის დროსაც ეპიდემიური პროცესი უფრო მშვიდად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესის შეწყვეტისთვის არანაირი საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. ბაგა-ბაღების 19 ათასამდე თანამშრომელი აიცრა და დიდი იმედი გვაქვს, რომ უფროსები არ შეიტანენ ვირუსს ბაღებში, ვინაიდან ამ ასაკის ბავშვებზე B ტიპის ვირუსით დაავადების ყველაზე დიდი წილი მოდის“, – აცხადებს იმნაძე.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი რეკომენდაცია უნდა არსებობდეს, ამ დროისთვის კი უწყებისთვის მსგავსი რეკომენდაციით არ მიუმართავთ, შესაბამისად, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.
კომენტარები