აშშ-ში იმ პირთა ვინაობა გამოაქვეყნეს, ვინს სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეფშტეინთან არის დაკავშირებული. ამ საქმეში 150 პირი ფიგურირებს, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი და დონალდ ტრამპიც არიან. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა telegraph ავრცელებს.
როგორც ეფშტეინის ძალადობის ერთ-ერთმა მსხვერპლმა ჯოანა სიობერგმა განაცხადა, კლინტონს „ახალგაზრდა გოგოები მოსწონს“. მისი თქმით, მას ეფშტეინთან ყოფილ პრეზიდენტზე რამდენჯერმე უსაუბრია.
77 წლის კლინტონი ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო ამჟამად გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა.
საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის თქმით, კლინტონი ეფშტეინს კარგად იცნობს და მისი კერძო თვითმფრინავითაც უსარგებლია. თავად კლინტონი უარყოფს ბრალდებას, რომ მან ეფშტეინის სექსუალური ხასიათის დანაშაულების შესახებ რაიმე იცოდა.
სასამართლოს მასალებში გამოქვეყნებულია ჯოანა სიობერგის დაკითხვის ჩანაწერი:
„იცოდით თუ არა, რომ ბილ კლინტონი ჯეფრი ეფშტეინის მეგობარი იყო“?
„მე ვიცი, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ. შემდეგ გავიგე, რომ თურმე ერთად აფრიკაში წასულან“.
„ჯეფრის ოდესმე ბილ კლინტონთან უსაუბრია თქვენთან?“ – ეკითხება მას ადვოკატი.
„დიახ, მან ერთხელ მითხრა, რომ კლინტონს ახალგაზრდა გოგოები მოსწონს“ – აცხადებს სიობერგი.
ამ საქმეში კიდევ ეფშტეინის დანაშაულების თანამონაწილე გილეინ მაქსველი ფიგურირებს, რომელსაც ბრალი ედება პროსტიტუციისთვის იძულებაში. მაქსველმა განაცხადა, რომ კლინტონთან და ინგლისის პრინც ენდრიუსთან ურთიერთობებზე საუბარი „მას არ სურს“.
მაქსველის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, ის უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბილ კლინტონი ეფშტეინთან ერთად აფრიკის ერთ-ერთ კუნძულზე იმყოფებოდა. „ეს 100%-იანი სიცრუეა“, – ამბობს მაქსველი.
ამასთანავე, მაქსველი ადასტურებს, რომ კლინტონი ეფშტეინის თვითმფრინავით მართლაც მოგზაურობდა.
ასევე, გილეინ მაქსველი ამბობს, რომ ბოლო დროს ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლი გახდა და არ სურს, რომ კიდევ რამე „ახალ სასამართლო სარჩელში მისი სახელი აღმოჩნდეს“.
სასამართლოს მასალების უდიდესი ნაწილი იმ ქალთა ჩვენებებიდან შედგება, რომლებიც 1990-2008 წლებში ჯეფრი ეფშტეინის სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. საერთო ჯამში ეფშტეინის საქმეზე 200 დოკუმენტი გამოქვეყნდა, ხოლო ახალი მასალები მომდევნო კვირებში გახდება საჯარო.
ცნობისთვის, ჯეფრი ედვარდ ეფშტეინი აშშ-ში ფინანსისტად მუშაობდა. მან კარიერა საინვესტიციო ბანკში, Bear Stearns-ში დაიწყო. შემდეგ კი საკუთარი კომპანია, J. Epstein & Co დააარსა.
2008 წელს ეფშტეინი დააკავეს. მან თავი დამნაშავედ ცნო პროსტიტუციის ხელშეწყობაში და ორგანიზაციაში. ეფშტეინი 14 წლის გოგოსთან სექსისთვის 13 თვით ციხეში ჩასვეს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ დანაშაულის აღიარების გარიგების ფარგლებში გაათავისუფლეს. სასამართლომ ეფშტეინის დაზარალებულად 36 არასრულწლოვანი გოგო დაასახელა, რომლებსაც კომპენსაციის სახით ეფშტეინმა 50 000-დან 1 მლნ აშშ დოლარამდე გადაუხადა.
საპროცესო შეთანხმების გარანტად ფლორიდის პროკურორი ალექსანდრე აკოსტა გამოვიდა. ბრალის აღიარების და კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ ეფშტეინი გაათავისუფლეს, მაგრამ 2019 წელს ისევ დააკავეს. ამჯერად მას ბრალი წაუყენეს არასრულწლოვნებით ვაჭრობაში. 2019 წლის 10 აგვისტოს ჯეფრი ეფშტეინი საკუთარ კამერაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიხედვით, მან თავი მოიკლა.
კომენტარები