
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სასულიერო პირთა ნაწილმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, არ გამართლდა მედიის ნაწილში გავრცელებული ცნობები სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
„ინფორმაცია, თითქოს რაღაც მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო გამოტანილი, არ გამართლდა მორიგ ჯერზე, ამიტომ ტყუილად ნუ შევიყვანთ ხოლმე მოსახლეობას შეცდომაში. მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები მაღალმთიან რეგიონებში, ასევე, ზოგადად იყო პოლიტიკური-საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლოს და სამეზობლოში ხდება“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძე.
ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი აგრეთვე გააკეთა მეუფე ზოსიმემ. მან ჟურნალისტების კითხვაზე – დადგა თუ არა მეუფე შიოს უფლებამოსილების გაფართოების საკითხი, უპასუხა:
„ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც იყო“.
კომენტარები