დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას მოიცავს, კონცენტრირებულია სახელმწიფო მოხელეების, ან სახელმწიფოს სხვა აგენტების (მაგ., პოლიციის, უსაფრთხოების ძალების, ციხის მცველებისა და გასამხედროებული ჯგუფების) მიერ გამოყენებული წამების შეფასებაზე. თავის მხრივ წამება გულისხმობს უკიდურესი ტკივილის მიზანმიმართულ მიყენებას, იქნება ეს გონებრივი თუ ფიზიკური, ინფორმაციის მოპოვების, ან პატიმრობის მსხვერპლთა დაშინების მიზნით.
2023 წლის რეიტინგში საქართველო წამებისგან თავისუფლებით მსოფლიოში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 46-ე ადგილზე გავიდა, ამასთან პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია ესტონეთისა და ლიეტუვის შემდეგ მესამე პოზიციაზე.
საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ავსტრალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ლატვიას და ა.შ.
წამებისაგან თავისუფლებით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ლიდერია და მათ რამდენიმე ათეული ადგილით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველომ რეიტინგში მკვეთრი დაწინაურება 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ამ პერიოდიდან შეფასების სკალის პუნქტობრივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამასთან რეიტინგი 11 წელიწადში 101 ადგილით გააუმჯობესა და 2023 წელს მოდელური შეფასების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 2013 წლამდე საქართველოს მოდელური შეფასება უარყოფითი ნიშნის, ანუ 0 -ზე დაბალი იყო. 2012 წელს საქართველო მსოფლიოში წამებისაგან თავისუფლებით 147-ე ადგილზე გავიდა და ამ მხრივ 33 ყველაზე საშიშ ქვეყანას შორის დასახელდა. 2012 წელს საქართველო რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელარუსს, ავღანეთს, ლიბიას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანს და ა.შ.
ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.
კომენტარები