ქართველი ქალების სილამაზის საერთაშორისო აღიარებაზე დღეს ბევრი საუბრობს, თუმცა ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, რამდენიმე საუკუნის წინ მოხდა – თუ როგორ გააოცა პარიზი 15 წლის ქართველი გოგოს ცისფერმა თვალებმა. ეს გოგო ეკატერინე თარხან-მოურავი იყო.
როგორც ამბობენ, მას ზღვასავით ლურჯი თვალები ჰქონდა, ეტლში ლურჯი ყვავილები ჩაეწყო და სილამაზის კონკურსის მონაწილეთა სიაში იყო. მაშინ, პარიზში კონკურსები სხვაგვარად ტარდებოდა – გამარჯვებულს ხალხი ირჩევდა: გოგონები ეტლებით ჩამოივლიდნენ პარიზის ქუჩებში და შემხვედრებთან რამდენიმე წამით ჩერდებოდნენ, გამვლელი მათ წინასწარ გამზადებულ ჩანთაში ფურცელს უდებდა, რომელზეც იმ მონაწილის ვინაობა ეწერა, ვისი სილამაზითაც მოიხიბლა.
ფოტოზე: ეკატერინე თარხან-მოურავი, პარიზი, სილამაზის კონკურსი.
კონკურსში ეკატერინემ გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ გოგონას კონკურენტობას მსოფლიოში გავლენიანი პირები – ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილი – უწევდნენ.
ეკატერინე თარხან-მოურავი გიორგი სააკაძის მეათე თაობის შთამომავალი იყო. მისი წინაპრები დაღესტანიდან ჩამოსულან და ქართლში დასახლებულან.
ეკატერინეს დედა, ასევე ულამაზესი ეფემია მანსვეტაშვილი ცნობილი კრიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ მანსვეტაშვილის და იყო (1886-1890 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი).
ფოტოზე: ეფემია მანსვეტაშვილი, ეკატერინე თარხან-მოურავის დედა.
მამამისი, გრიგოლ თარხან-მოურავი სამხედრო სამსახურში იყო და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.
ფოტოზე: გრიგოლ თარხან-მოურავი
ეფემიას და მის მეუღლეს გრიგოლს შვილები ნაადრევად დაეღუპათ. ცოცხალი მხოლოდ ეკატერინე დარჩა. მშობლები მას განსაკუთრებულად ანებივრებდნენ. თარხან-მოურავების ოჯახი 1903 წელს პარიზში გადავიდა, რათა გოგონას კარგი განათლება მიეღო. თარხან-მოურავების ოჯახი საფრანგეთში 1903-1907 წლებში ცხოვრობდა.
ფოტოზე: ეკატერინე თარხან-მოურავი
ოჯახი იქ დარჩენას არ გეგმავდა, თუმცა გოგონასთან დაქალებასთან ერთად, იზრდებოდა მის ფრანგ თაყვანისმცემელთა რიგი. მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლს სასიძოდ მხოლოდ ქართველი უნდოდა, ეკატერინეს 2 ქმრიდან ქართველი არცერთი არ ყოფილა.
პირველ ქმართან, ფრანგ სტუდენტ მიშელ სეგალთან ეკატერინემ 1908 წელს მშობლებისგან მალულად დაიწერა ჯვარი. ამ დროს თარხან-მოურავები უკვე საქართველოში იყვნენ. მიშა სეგალის ოჯახიც თბილისში ცხოვრობდა. მოგვიანებით წყვილს ვაჟი შეეძინა. სიძით უკმაყოფილო გრიგოლმა ქალიშვილი მეუღლეს გააშორა, ბავშვი კი თავის გვარზე გადაიყვანა.
ეკატერინეს მეორე ქმარი რუსი თავადი მოროზოვი იყო.
ეკატერინე თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. საბჭოთა ხელისუფლება მას ჟორდანიას მთავრობასთან კავშირში სდებდა ბრალს. ეკატერინე ყველაფერს უარყოფდა.
კომენტარები