მინერალური წყლის „ბორჯომის“ სახე, ტიციან ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას მუზა, და აკაკი წერეთლის ნათლული – ასეთია მოკლე ცნობები თამუნია წერეთლის ცხოვრების შესახებ, თუმცა არც მისი ცხოვრების გზა ყოფილა გრძელი.
ერთადერთი კარგი, რაც ამ ქალისთვის განგებამ გაიმეტა, გარეგნობა იყო. მისი ბავშვობა გასაბჭოების პერიოდს დაემთხვა. წერეთლებისა და ბაგრატიონ-დავითაშვილების ოჯახები რეპრესიებისა და დევნის მსვერპლნი გახდნენ, ნათესავთა უმრავლესობა დაუხვრიტეს, სხვებმა თავს გაქცევით უშველეს. ასე დარჩა პატარა თამუნია დედის, ნიცა ბაგრატიონ-დავითაშვილთის ანაბარა. დედა-შვილი თავის სარჩენად ქუთაისიდან თბილისში გადავიდა და გოგონამ რუსთაველის პროსპექტზე მინერალური წყლების ახლად გახსნილ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.
უმშვენიერეს გოგონას სწორედ იქ მოჰკრა თვალი ტიციან ტაბიძემ და ისე, რომ საერთოდ არ იცნობდა, პირველი ლექსი მიუძღვნა.
ფოტოზე: თამუნია წერეთელი
ამ დროს ტიციანის მეუღლე ნინო მაყაშვილი ბორჯომში ისვენებდა. ქმარმა მას დაუყოვნებლივ თბილისში ჩასვლა სთხოვა. ტიციანმა მეუღლე მუზის სანახავად მაღაზიაში მეორე დღესვე წაიყვანა. ქალიშვილის სილამაზით ნინოც კი აღფრთოვანებულა და ტიციანისთვის უთქვამს, მე აქ საჭირო აღარ ვარ და ბორჯომში დავბრუნდებიო. ამ დღის სახსოვრად პოეტმა მეუღლეს ძვირფასი ჩანთა აჩუქა.
ფოტოზე: ტიციან ტაბიძე მეუღლე ნინო მაყაშვილთან ერთად
ტიციანი თამუნიაზე ლექსებს გამალებით წერდა, მეგობრები კი მათ გამოქვეყნებას უკრძალავდნენ – ნინოს ეწყინებაო, მაგრამ ლექსები იმდენად მშვენიერი იყო, როგორ შეიძლებოდა მკითხველს არ ენახა?! – ასე იხსენებდა ნიტა ტაბიძე, პოეტის შვილი ამ ამბავს.
ტიციანი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც თამუნიას სილამაზეს ეტრფოდა. როგორც სხვადასხვა წყაროებში ვკითხულობთ, ის ქუჩაში სიარულსაც კი ერიდებოდა. ამბობენ, თამუნიას შემხედვარენი პირჯვრის გადაწერას იწყებდნენო.
გრიგოლ რობაქიძემ თამუნიას თავისი „გველის პერანგი“ ასეთი წარწერით უძღვნა: „თუ შევძელი ქართველი ქალის ასახვა, მაშინ ვიფიქრებდი, რომ ჩემს ნაცნობობას თქვენთან ამაოდ არ ჩაუვლია“. კონსტანტინე გამსახურდიამ კი თამუნიას ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა უწოდა. თამუნიას ეძღვნება გიორგი ლეონიძის ლექსი „ღამე ივერიისა“.
ფოტოზე: თამუნია წერეთელი, აბასთუმანი, 1924 წელი
1928 წელს თამუნია ცოლად გაჰყვა იურისტ ნიკოლოზ კახიძეს. მათ ერთი ქალიშვილი რუსუდან კახიძე ეყოლათ. მშობიარობის შემდეგ თამუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ექიმები იძულებულნი გახდნენ, მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ფეხი მოეკვეთათ.
ტიციანმა შინ ახლად გაწერილი მოინახულა და პირველად დარჩა მასთან პირისპირ. ამბობდნენ, ძლივს იკავებდაო პოეტი თავს, ტირილი უნდოდაო. უყურებდნენ ერთმანეთს უხმოდ, სევდითა და ტკივილით სავსე მზერით. ამ განწყობით დაიწერა „რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს“ და „შენ აქ რა გინდა“, სადაც ტიციანმა თავისი სიკვდილიც იწინასწარმეტყველა.
1906 წლის ერთ უბედურ ღამეს ტიციანი „გაქრა“. თბილისმაც ნელ-ნელა დაივიწყა წერეთლების ერთ დროს ულამაზესი ქალი. თამუნია წერეთელმა ცხოვრების დიდი ნაწილი სარეცელზე მიჯაჭვულმა გაატარა და 1968 წელს გარდაიცვალა.
კომენტარები