თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც სესხი აქვს, საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ფინანსური ვალდებულების გარეშე? ალბათ, ეს თქვენი სასურველი და საოცნებო რეალობაა. გაგაცნობთ ჩვევებს, რომლებშიც ვალის არმქონე ადამიანებს უნდა მიბაძოთ, თუ გსურთ, რომ თქვენც მალე გათავისუფლდეთ ფინანსური ვალდებულებისგან.
შეადგინეთ ბიუჯეტი
არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბიუჯეტის შედგენა. ფინანსური ექსპერტები თანხმდებიან, რომ ფინანსების სწორი მართვის მთავარი წესი სწორედ ბიუჯეტის შედგენაა. ადამიანები, ვისაც ვალი არ აქვთ, ამ წესს პირწმინდად იცავენ.
სწორი ბიუჯეტირებისთვის უნდა განსაზღვროთ თქვენი შემოსავალი და გასავალი. ამ გზით უზრუნველყოფთ, რომ არ დახარჯოთ ფული, რომელიც რეალურად არ გაქვთ. ბიუჯეტის შედგენა ასევე დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თუ რაში ხარჯავთ თანხას და რომელი ხარჯის თავიდან აცილება შეგიძლიათ მარტივად.
ბიუჯეტირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პლატფორმები, მაგალითად, სპეციალური ონლაინ კალკულატორები ან Google Sheets.
ჩაიწერეთ ყველა ხარჯი
ბიუჯეტის შედგენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩაიწეროთ ყველა ხარჯი. მათ, ვისაც ვალი არ აქვს, როგორც წესი, ზუსტად იციან, რაში ხარჯავენ თითოეულ თეთრს.
დაისახეთ მიზნები
უვალოდ ცხოვრება მოიცავს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ფინანსური გეგმების დასახვას. ეს გულისხმობს: დანაზოგს ახალი მანქანისთვის, საოცნებო შვებულების დაგეგმვას, ბავშვების სკოლისთვის მომზადებას. თითოეული ეს ხარჯი წინასწარ უნდა განსაზღვროთ და თანხა დასახული მიზნის შესაბამისად დახარჯოთ. მიზნის დასახვასა და მისკენ სწრაფვაში ისეთი პატარა დეტალებიც დაგეხმარებათ, როგორიცაა მაცივარზე თუ სამუშაო სივრცეში გაკეთებული წარწერიანი სტიკერები. როდესაც ისინი ხშირად მოგხვდებათ თვალში, მუდმივად თქვენს გონებაში იტრიალებს და მიზნის მიღწევაც გაგიიოლდებათ.
კომენტარები