ფრჩხილების კვნეტის ჩვევა საკმაოდ ბევრ ბავშვს ახასიათებს, რაც, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად გადის, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს ჩვევა შესაძლოა სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებდეს, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ფრჩხილების კვნეტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია სტრესთან და დაძაბულობასთან გამკლავების გაუცნობიერებელი მცდელობა და ეს ერთგვარი თვითდამშვიდების მეთოდია ბავშვისთვის. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს ჩვევა ბავშვს სხვისი მიბაძვით, ან უბრალოდ მოწყენილობის საფუძველზე ჩამოუყალიბდეს.
საშიშია თუ არა ბავშვისთვის ფრჩხილების კვნეტა
თუ ბავშვი ფრჩხილებს იმდენად ძლიერ იკვნეტს, რომ ფრჩხილის ფირფიტას იზიანებს, ეს შეიძლება პრობლემად იქცეს. ამით იზრდება პორონიქიის, ანუ ფრჩხილის ახლომდებარე რბილი ქსოვილის ჩირქოვანი ანთების რისკი.
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ფრჩხილების კვნეტას
ზოგადად, თუ ბავშვი ფრჩხილებს პერიოდულად იჭამს, ვთქვათ, არასწორი წანაზარდის ან მოტეხილი ნაწილის მოსაშორებლად, და ამასთან ემოციურად დაძაბულად არ გამოიყურება, ყურადღების ზედმეტად გამახვილება არ ღირს. ეს დროთა განმავლობაში გაივლის.
მაგრამ თუ ბავშვი ხშირად იჭამს ფრჩხილებს და თანაც ისე ღრმად, რომ თითების რბილ ქსოვილს იზიანებს, აქ უკვე დახმარებაა საჭირო.
პირველი, რაც მშობელმა ასეთ შემთხვევაში უნდა გააკეთოს, ისაა, რომ აუცილებლად გაერკვეს მიზეზში — ანუ დაადგინოს, რატომ იჭამს ბავშვი ფრჩხილებს. შესაძლოა საქმე ფონურ შფოთვასა და სტრესთან გქონდეთ, და ფრჩხილებამდე ჯერ სწორედ ეს პრობლემა იყოს მოსაგვარებელი.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეჩხუბოთ ან შეარცხვინოთ ბავშვი ამ ჩვევის გამო. ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი სტრესი და პროტესტი გამოიწვიოს და კიდევ უფრო გააღრმაოს პრობლემა. გახსოვდეთ, რომ მსგავსი გაუცნობიერებელი ჩვევების მიტოვება ზრდასრულებსაც კი უჭირთ.
უმჯობესია ბავშვს რბილად გაამახვილებინოთ ყურადღება პრობლემაზე:
აუხსენით, რა შედეგები მოსდევს ამ ჩვევას;
შესთავაზეთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მათ გადაჭრაზე ერთად ფიქრი;
უთხარით, რომ ესა თუ ის ცუდი ჩვევა ყველა ადამიანს აქვს, და რომ ყველა მათგანი თავისებურად ცდილობს ამ ჩვევის დათრგუნვას. ჩამოუთვალეთ მაგალითები;
ჰკითხეთ, სურს თუ არა, რომ დაეხმაროთ ამ მავნე ჩვევასთან გამკლავებაში;
დაადგინეთ, უფრო კომფორტულად ხომ არ იგრძნობს თავს, თუ თავად, თქვენი დახმარების გარეშე შეეცდება გადაეჩვიოს ფრჩხილების ღრღნას;
შესთავაზეთ კოდური სიტყვის ან მინიშნის მოფიქრება, რომლითაც მას შეახსენებთ ხოლმე, რომ ფრჩხილების კვნეტას უნდა შეეშვას.
გახსოვდეთ: რაც უფრო მშვიდად და რბილად დაელაპარაკებით ბავშვს, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ შვილი აგყვეთ და ეს ჩვევა მოიშოროს. თქვენი მხრიდან ნებისმიერი ზემოქმედება ბავშვის სურვილის შესაბამისი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამას სასჯელად და ერთგვარ გამოწვევად აღიქვამს. არ დააჩქაროთ ბავშვი, არ მოსთხოვოთ ჩვევის მალე დავიწყება. ბავშვმა თქვენი დადებითი მხარდაჭერა უნდა იგრძნოს და თავისი ტემპით უნდა იაროს ამ გზაზე. აგრძნობინეთ სიყვარული და ყურადღება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწრაფად და წარმატებულად იშორებს მავნე ჩვევას.
კომენტარები