„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თავიდან, „კვარასთან“ შეცდომა დაუშვა, რის გამოც 23 წლის ქართველი თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ამჟღავნებდა.
„ტაქტიკური თვალსაზრისით, ის გაიზარდა. თავიდან, მასთან მიმართებით ნაწილობრივ შეცდომა დავუშვი, რადგან ძალიან სწრაფად მოვთხოვე ის, რასაც მიჩვეული არ იყო. ის იმდენად ცდილობდა ჩემი მითითების შესრულებას, რომ ნაწილობრივ დაკარგა კიდეც თავისი მთავარი ღირსებები“, – ამბობს კალცონა.
მან ასევე, ხვიჩა კვარაცხელიასთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა.
„პირველად რომ ვნახე, ცოტა დაღონებული მომეჩვენა, თუმცა სამი დღის შემდეგ უკვე იღიმოდა და სხვებთან ერთად ხუმრობდა. ის არის ბიჭი, რომელიც საკუთარი თავის პირველი კრიტიკოსია მაშინ, როდესაც რაღაც არ გამოსდის და ეს ძალიან მომწონს“, – აღნიშნა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, ფრანჩესკო კალცონამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაძარი შეცვალა. „ნაპოლიმ“ მისი ხელმძღვანელობით უკვე ოთხი შეხვედრა ჩაატარა. პირველ ორ მატჩში კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია შეცვლაზე გაიყვანა, რასაც გულშემატკივართა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. თუმცა, ბოლო ორ შეხვედრაში კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა და 3 გოლი და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ინფორმაციისთვის, „ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას დღეს, „ტორინოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს სერია A-ს ფარგლებში. მატჩი ჩვენი დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.
კომენტარები