
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ სოფელ კირბალთან 6 ნოემბერს მოკლულ თამაზ გინტურს, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა, სამხედრო დამნაშავე უწოდა. ასევე, კოკოითის თქმით, ქართველი რადიკალები რუსი მესაზღვრეების პირად მონაცემებს ინტერნეტში ავრცელებენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„როგორც ჩვენ გავიგეთ, ტიფლისელი პროვოკატორების ხელში სასაზღვრო სამსახურის პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა. როგორ მოხვდა ის ამ ადამიანების ხელში – ეს ცალკე საუბრის თემაა. ეს იმათ სინდისზე იყოს, ვინც დღეს მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და საკუთარ ხალხს ღალატობს. ქართველი რადიკალები სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი მესაზღვრეების და მათი ოჯახის წევრების მონაცემებს ინტერნეტში ავრცელებენ. ამ ქმედებებით ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ვინც ამ ინფორმაციას აგროვებს და აქვეყნებს, უნდა იცოდეს, რომ არც რუს მესაზღვრეებს, არც მათი ოჯახის წევრებს ჩვენ არავის დავაჩაგვრინებთ“, – განაცხადა კოკოითიმ.
ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ გარკვეული ძალები მორიგ პროვოკაციას გეგმავენ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავების მიზნით.
რუსი მესაზღვრეების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა. გარდა ამისა, მოკლული თამაზ გინტურის ძმა ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელები იდენტიფიცირებულები არიან.
თამაზ გინტური 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან მოკლეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და ცხინვალში გადაიყვანეს. საქართველოს ხელისუფლება დოთიაშვილის გათავისუფლებას და გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს.
კომენტარები