მეცნიერებმა კიბოს ახალი ვაქცინა შექმნეს, რომელიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას აიძულებს, რომ სიმსივნის უჯრედები გაანადგუროს. კვლევისფარგლებში ვაქცინა მელანომით დაავადებულ თაგვებს გაუკეთდათ, რის შედეგადაც უკლებლივ ყველა თაგვი განიკურნა.
კვლევაში ისიც დადგნიდა, რომ ასეთი ტიპის მიდგომა კიბოს გამეორების შემთხვევებსაც ამცირებდა.
“აღნიშნული ვაქცინა სიმსივნის წინააღმდეგ იმუნოთერაპიულ მიდგომას იყენებს, ანუ ის ორგანიზმის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობასა და განადგურებას ასწავლის.” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
კვლევის ფარგლებში მათ 100 000-მდე სხვადასხვა ქიმიური ნაერთი შეისწავლეს და აღმოაჩინეს ერთი, რომელიც სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნოთერაპიული აგენტის მოქმედებას ბევრად უფრო ეფექტურს ხდიდა.
მეცნიერებმა ვაქცინაში ორი სხვადასხვა კომპონენტი – სიმსივნის იმუნოთერაპიული მედიკამენტი და მისი აქტივობის გამაძლიერებელი ქიმიური ნივთიერება დიპროვოციმი გააერთიანეს.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი გენეტიკურად მოდიფიცირიებული მელანომით დაავადებულ თაგვებზე ჩაატარეს, რომელთა სიმსივნის უჯრედებიც ცილა ოვალბუმინს შეიცავდა. ოვალბუმინს მეცნიერები იმუნური სისტემის ქცევის შესასწავლად იყენებენ.
ექსპერიმენტის პროცესში ყველა თაგვის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნოთერაპიული მედიკამენტი anti-pd-L1 და ცილა ოვალბუმინი შეიყვანეს. თაგვების ერთ ჯგუფში კი ორ ნივთიერებას ახლად აღმოჩენილი ნაერთი დიპროვოციმიც დაამატეს.
54 დღის გასვლის შემდეგ დიპროვოციმის საკონტროლო ჯგუფის გარდა ყველა თაგვი დაიღუპა, აღნიშნულ ჯგუფში კი ყველა თაგვი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო.
მეცნიერთა გუნდი ხსნის, რომ ასეთი მიდგომით მათ თაგვის იმუნურ სისტემას სიმსივნის უჯრედების განადგურება ასწავლეს, უფრო მეტიც, მათ სცადეს, რომ აღნიშნულ თაგვებში ახალი სიმსივნე ხელოვნურად გამოეწვიათ, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს, თაგვები ამ ტიპის სიმსივნეზე უკვე აცრილები იყვნენ.
ჯერ-ჯერობით აღნიშნული ექსპერიმენტი მხოლოდ თაგვებშია ჩატარებული. მეცნიერები ახლა ვაქცინის სხვა ცხოველებში გამოცდას გეგმავენ.
წყარო:On.ge
კომენტარები