სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.
როგორც სუსის განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
„მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ.
მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.
მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორ უწყებებს.
ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები, გალერეა თბილისში ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფ კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები.
საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, – აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები