ყველა იცნობს ზოროს, ლეგენდარულ გმირს, რომელიც სუსტთა და გაჭირვებულთა დასახმარებლად მოვიდა, მაგრამ ცოტას სმენია მისი პროტოტიპის, უილიამ ლამპორტის შესახებ. ირლანდიელი ავანტიურისტი, რომელმაც სიცოცხლის განმავლობაში მოახერხა, ყოფილიყო სტუდენტი, მეკობრე, დუელიანტი, მკვლელი და მეომარიც კი.
დიდგვაროვანი, დუელიანტი, მექალთანე, მეკობრე: ზოროს ახალგაზრდობა
უილიამ ლამპორტი დაიბადა 1615 წელს, ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთში, მდიდარ, დიდგვაროვან ოჯახში. მან ისწავლა ფარიკაობა, ზუსტი სროლა და იალქნიანი გემების მართვა. შემდეგ ყმაწვილი გაგზავნეს დუბლინის იეზუიტთა კოლეჯში მათემატიკის, ლათინური ენის, ფილოსოფიისა და სხვა საგნების შესასწავლად.
ახალგაზრდამ სწავლა განაგრძო ლონდონის უნივერსიტეტში. დედაქალაქში უილიამი არა მხოლოდ გულმოდგინედ ეუფლებოდა მეცნიერებას, არამედ დროს მხიარულად ატარებდა. სიმდიდრე, კეთილშობილი გვარი, დახვეწილი მანერები და სილამაზე ლამპორტს ქალებისთვის ძალზე მიმზიდველს ხდიდა და ის არ ერიდებოდა მის გამოყენებას. მას აინტერესებდა ყველა ქალბატონი, გამონაკლისის გარეშე და მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოახლე იყო ის თუ გლეხი.
ბუნებრივია, ეს იწვევდა შეტაკებას გაღიზიანებულ ქმრებთან და აღშფოთებულ გულშემატკივრებთან: ირლანდიელს ლონდონში რამდენიმე დუელი ჰქონდა. ერთი მათგანი საბედისწერო აღმოჩნდა: მოკლულ მტერს ჰყავდა გავლენიანი ნათესავები, უილიამს კი ბრიტანეთიდან გაქცევა მოუწია.
გემით “შავი პრინცი”, ახალგაზრდა მამაკაცი ამერიკის ნაპირებზე გაემგზავრა. თუმცა, მალე გაირკვა, რომ ის სამგზავრო გემზე კი არ აღმოჩნდა, არამედ მეკობრეების გემზე: “პრინცის” კაპიტანი თავს პატარა გემებზე თავდასხმით ირჩენდა. ამან ახალგაზრდა მამაკაცი და გაახარა კიდეც: მოსწონდა ზღვის ყაჩაღის ცხოვრება. მონაწილეობდა ძარცვებში, თანამებრძოლებთან ერთად თავს ესხმოდა სანაპირო ქალაქებს, ტავერნებში ტრიალებდა და აგრძელებდა ქალების ცდუნებას.
დროთა განმავლობაში უილიამმა დაზოგა სოლიდური თანხა და დაიწყო ფიქრი: რა გაეკეთებინა შემდეგ? ლამპორტი ავანტიურისტი იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სულელი: მას სურდა, სიბერეში დაესრულებინა სიცოცხლე მდიდრულ სასახლეში და არა ფსკერზე. სახლიდან წერილი დროულად მოვიდა: მამამ მას ურჩია, ბედი ეცადა ესპანეთში და უთხრა ვაჭარზე, რომელიც უილიამს დაეხმარებოდა იმ ქვეყანაში ლეგალიზაციაში.
მოპარული ოქრო დაეხმარა და მალე ლამპორტი, იდალგო ხულიო ლომბარდოს საბუთებით, უკვე მიცურავდა სამგზავრო გემ Granada-ით ესპანურ კადიზში…
ჰერცოგის მკვლელი: ხულიო ლომბარდოს ცხოვრება ესპანეთში
ესპანეთში ლომბარდო შეხვდა მეფე ფილიპე IV-ის რჩეულს, გრაფ ჰერცოგ ოლივარესს. არსებობს ჭორები, რომ მას დაეხმარა ერთ-ერთი კარისკაცის ცოლი, რომელიც გრანადაში გაიცნო: არისტოკრატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ახალგაზრდა შეყვარებული შეემჩნია და დაფასებულიყო.
ოლივარესი მაშინვე მიხვდა, ვინ იყო მის წინ და ახალგაზრდა და უპრინციპო იდალგო მფარველობის ქვეშ აიყვანა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხულიო უსაქმურობდა – ფარიკაობაში ვარჯიშობდა, ქალების აცდუნებდა. თუმცა, ჰერცოგმა მალევე სთხოვა მას პირველი მსახურება: ოლივარესს სურდა, დაესაჯა სენიორი ალმაგრო ტორელი, რომელმაც ის გააბრაზა. ლომბარდო უყოყმანოდ დათანხმდა. მალე ჰერცოგის მტერი მოკვდა და ხელისუფლებამ ვერ გაარკვია, ვინ დაუპირისპირდა მას დუელში.
ხულიო აპირებდა ესპანეთში სამუდამოდ დარჩენას, რადგან ცხოვრობდა ისე, როგორც ყოველთვის ოცნებობდა: ძლიერი მფარველი, მრავალრიცხოვანი ქალები, ჩხუბი, რომელიც არამარტო ართობდა, არამედ კარგადაც ანაზღაურდებოდა. თუმცა, კეთილდღეობის ილუზია სწრაფად გაქრა: ოლივარესის კიდევ ერთი „ბრძანება“ კინაღამ ლომბარდოს სიცოცხლედ დაუჯდა.
იდალგოს დაევალა, დუელის პროვოცირების მიზნით, ძლევამოსილი ოჯახის დიდგვაროვანის ცოლის შეცდენა. კაცმა უნაკლოდ გაართვა თავი დავალებას: ქალბატონი მის საწოლში მოხვდა, ამას მალევე მოჰყვა ქმრის გამოწვევა და ჩხუბის დროს ლომბარდომ დაარტყა მას მახვილი, თუმცა, მაშინ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა: უზარმაზარი სკანდალი ატყდა. ოლივარესმა ვერ შეძლო ამის ჩაჩუმება, მაგრამ მაინც დაიცვა: მან მექსიკაში გაგზავნა სარეკომენდაციო წერილით.
მეამბოხე და ვარლოკი: ლომბარდოს თავგადასავალი მექსიკაში
მექსიკაში ლომბარდო ეწეოდა ძველებურ ცხოვრების წესს: ის ასრულებდა ბრძანებებს ოლივარესისთვის, კლავდა ადამიანებს, რომლებსაც ჰერცოგი არ მოსწონდათ და აცდუნებდა ქალებს. ქვეყნის გარშემო მოგზაურობისას ხულიო შეხვდა ინდიელებს და მოულოდნელად დაინტერესდა მათი კულტურით: მან ისწავლა ენა, დაიწყო მკურნალობის, მაგიისა და ასტროლოგიის საიდუმლოებების გააზრება.
ჭორები ვრცელდება, რომ მან მოახერხა აცტეკების მღვდლების ნდობის მოპოვება და მათ საშუალება მისცეს, დასწრებოდა ადამიანთა მსხვერპლშეწირვას, სადაც საკურთხეველზე მწოლიარე ადამიანს ობსიდიანის დანით ჭრიდნენ და აცლიდნენ ჯერ კიდევ მფეთქავ გულს.
თუმცა, 1645 წელს ხულიოს უდარდელი არსებობა მისი მფარველი ოლივარესის გარდაცვალებამ შეწყვიტა. იდალგოს მტრები, რომლებიც იმ დროისთვის საკმაოდ ბლომად იყვნენ, მაშინვე თავს დაესხნენ “სენორ ლომბარდოს”. ინდიელებთან მეგობრობამ საპირისპირო შედეგი გამოიღო: ირლანდიელს ჯადოქრობასა და შავი მაგიის პრაქტიკაში ადანაშაულებდნენ. ისიც თქვეს, რომ იდალგო შეიარაღებულ გადატრიალებას ამზადებდა და აპირებდა მექსიკის ახალი მეფე გამხდარიყო.
მეომარისა და შეთქმულის საქმეზე გამოძიება გაჭიანურდა: ჰერცოგის ნათესავები განაგრძობდნენ იდალგოს დაცვას – ან იმედოვნებდნენ, რომ ლომბარდო მათთვის სასარგებლო იქნებოდა, ან ეშინოდათ, რომ ის იტყოდა ყველაფერს, რაც იცოდა ოლივარესზე. ლომბარდომ ციხეში რვა წელი გაატარა, რის შემდეგაც გაქცევა მოახერხა. და ისევ ვერსიები განსხვავებულია: ერთის მიხედვით, საყვარელი დაეხმარა, მეორე ვერსიით, ინდიელები.
ზორო: ლეგენდის გაჩენა
ლომბარდო მექსიკაში დარჩა. იდალგოს პერსონაჟი არ აძლევდა მას მშვიდად ჯდომის საშუალებას: ხულიო გამუდმებით ტოვებდა თავის თავშესაფარს და გადაცმული დადიოდა მეხიკოს ქუჩებში, ხოლო როდესაც იცნეს და ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას, მან გზა მახვილით გაიკაფა. მისი თავგადასავლები გადაიზარდა ყველაზე წარმოუდგენელ ლეგენდად: ხალხმა დაიწყო ლაპარაკი, რომ ღამით ქუჩაში შავი ტანსაცმლით მხედარი დადის, რომელიც სახლების კედლებზე კიდებს პროკლამაციას, დასცინის ხელისუფლებასა და ინკვიზიციას.
ლომბარდო ქალისადმი გატაცებამ დაღუპა: იდალგო მექსიკის ვიცე-მეფის მეუღლის საწოლში დაიჭირეს. მხოლოდ ამის გამო მას სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ მათ ასევე გაიხსენეს წარსული ბრალდებები: დუელები ესპანეთში, მაგიისადმი გატაცება, ინდოელებთან მეგობრობა და მეფობის განზრახვა. გამოძიება ისევ გაჭიანურდა, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ გამოიტანეს განაჩენი: კოცონზე დაწვა.
სიცოცხლის ბოლო წამებშიც კი, ხულიო ლომბარდომ მოახერხა ხელისუფლების გაცურება: როდესაც შეშასთან ჩირაღდანი მიიტანეს და გულუხვად მოსხმულ ზეითუნის ზეთს მიუახლოვეს, მან მთელი ძალით მკვეთრად შეაბრუნა თავი და დაიხრჩო თოკით, რომლითაც იყო მიბმული ბოძზე.
ლომბარდოს გარდაცვალების შემდეგ, მის შესახებ ლეგენდა დეტალების შეძენასა და ტრანსფორმაციას განაგრძობდა. ჰერცოგის სამსახურში მყოფი მკვლელი გაქრა: ხალხის ხსოვნაში ხულიო დარჩა ჩაგრულთა მიუწვდომელ დამცველად. სწორედ ამ ისტორიებზე დაყრდნობით დაწერა თავისი წიგნი ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჯონსტონ მაკკალიმ, რომელმაც მთავარ პერსონაჟს ერთ-ერთი ინდოელი ღმერთის პატივსაცემად დაარქვა სახელი ზორო და ცნობილი შავი ნიღაბი „გაუკეთა“.
მაკკალის რომანის შემდეგ, ზოროს გამარჯვებული სვლა დაიწყო მთელს მსოფლიოში: გამოჩნდა გაგრძელებები, მრავალი ფილმის ადაპტაცია, კომიქსები და მიუზიკლებიც კი. მათში თითქმის არაფერია დარჩენილი ნამდვილი ზოროს – ირლანდიელი იდალგო ლამპორტ-ლომბარდოს ცხოვრებიდან. ეს გასაკვირი არ არის: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეკობრე და მკვლელი შეიძლება გახდეს გმირი ხალხისთვის. მაგრამ მაინც, ეს უპრინციპო ავანტიურისტი და მექალთანე რჩება საინტერესო ბედის მქონე კაცად, რომლის თავგადასავალიც ყურადღების ღირსია.
კომენტარები