გასული წლის ზაფხულში ფილმ ბარბის გამოსვლას ნამდვილი ფურორი მოჰყვა. გრეტა გერვიგის რიგით მესამე დამოუკიდებელმა სარეჟისორო ნამუშევარმა ჯამში $1,44 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმიც გახდა. ცოტა ხნის წინ კი შევიტყვეთ ოსკარის წლევანდელი ნომინანტების ვინაობა — კინოაკადემიის ჯილდოს 8 კატეგორიაში სწორედ ბარბის შემოქმედებითი გუნდია წარდგენილი. თუმცა, ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა ვერც ფილმის რეჟისორი გრეტა გერვიგი და ვერც მთავარი როლის შემსრულებელი მარგო რობი.
სულ ახლახან, ფანებთან გამართულ შეხვედრაზე, რობის ჰკითხეს, იყო თუ არა განაწყენებული ამის გამო.
„შეუძლებელია, განაწყენებული იყო, როცა ასე გაგიმართლებს”, – განაცხადა მსახიობმა, – „ჩვენ მიზნად დავისახეთ ისეთი ფილმის შექმნა, რომელიც კულტურას კალაპოტს უცვლიდა, მასზე გარკვეულ გავლენას მაინც მოახდენდა. [ბარბიმ] უკვე გააკეთა ეს და ალბათ იმაზე მეტიც, ვიდრე წარმოგვედგინა. ეს კი ყველაზე დიდი ჯილდოა, რომლის მიღებაც შეგვეძლო”.
„მაყურებლის გამოხმაურება საუკეთესო ჯილდოა. იქნება ეს კომენტარები ინტერნეტში თუ ის, როგორი გადავარდისფერებულია აქაურობა. ასეთი ამბის მონაწილე არასდროს ვყოფილვარ. მონაწილეობა მიმიღია კომიქსების ეკრანიზაციაში და სხვა ფილმებშიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი მათგან ძალიან განსხვავდება. ვერც იმას ვიხსენებ, ბოლოს როდის მოახდინა ფილმმა ამხელა ზეგავლენა კულტურის სფეროზე”.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რობი აღნიშნავს, რომ გერვიგი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო წარდგენილი.
„რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ გრეტა ნომინირებული უნდა ყოფილიყო”, — ამატებს იგი, — “რაც მან გააკეთა, ასეთი რამ ცხოვრებასა და კარიერაში მხოლოდ ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს. […] თუმცა, წინა წელი ყველა ფილმისთვის შესანიშნავი გამოდგა”.
ნომინანტებს შორის გერვიგისა და რობის ვერდანახვამ კი მხოლოდ ფანებს როდი გაუცრუა იმედი. ამბავს გამოეხმაურა ფილმის კიდევ ერთი ვარსკვლავი, რაიან გოსლინგი, რომელიც თავად მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაშია წარდგენილი.
„არ არსებობს კენი ბარბის გარეშე და არ არსებობს ბარბის ფილმი მარგო რობისა და გრეტა გერვიგის გარეშე”, — განაცხადა გოსლინგმა, – „ისტორიული და გლობალურად წარმატებული ფილმის შექმნა ყველაზე მეტად სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა”.
კომენტარები