თუ სიყვარულის ისტორიაზე გადაღებული ფილმი „უბის წიგნაკი“ გინახავთ, აუცილებლად გემახსოვრებათ ფინალური კადრები, სადაც მოხუცი კაცი ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს, თავი რომ გაახსენოს, ხმამაღლა უკითხავს გაცრეცილ უბის წიგნაკში შემონახულ, შეყვარებული წყვილის საოცარ ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და ისევ შეახვედრა.
ფილმში ასახულ საოცარ ისტორიას რეალური გმირები ჰყავს – ინგლისში, კენტის საგრაფოში მცხოვრები ჯეკ და ფილის პოტერები.
ჯეკმა დღიურის წერა, რომელსაც შემდეგ მთელი ცხოვრება აგრძელებდა, ფილისთან შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე, 1938 წელს დაიწყო, როცა სულ პატარა ყმაწვილი გახლდათ.
1941 წლის 4 ოქტომბერს, როცა საცეკვაო მოედანზე მომავალი მეუღლე გაიცნო, ჯეკი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე იყო. ფილისი პირველივე დანახვაზე შეუყვარდა და სახლში მისულმა დღიურში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: „ძალიან კარგი საღამო იყო. სასიამოვნო გოგონას ვეცეკვე. იმედია, მას კიდევ ვნახავ“.
ისინი პირველი შეხვედრიდან 16 თვის შემდეგ დაქორწინდნენ. ამ საოცარი რომანის თითოეულ დღეს ჯეკი დღიურში ასახავდა, დღიურის წარმოება არც მაშინ შეუწყვეტია, როცა ომში გაიწვიეს და თვალცრემლიანი ფილისი სახლის პარმაღთან დატოვა. ეს მათი პირველი და უკანასკნელი განშორება იყო…
ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ჯარისკაცს ერთგული მეუღლე აღარასოდეს მიუტოვებია და მასთან ერთად 70 წელი გაატარა.
50-წლიანი თანაცხოვრებისა და შვილების გაზრდის შემდეგ, ფილისს პროგრესირებადი ამნეზია დაეწყო. 2007 წელს მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ქალი სპეციალურ მოვლას საჭიროებდა.
ჯეკი იძულებული გახდა, ფილისი მოხუცებულთა სახლში გადაეყვანა, თუმცა მისი მიტოვება წუთითაც არ უფიქრია. ის ყოველდღიურად მიდიოდა ცოლის სანახავად და, მძიმე სენთან მარტოდმარტო რომ არ დარჩენილიყო, თავისი ცხოვრების დღიურიდან თითო ფურცელს უკითხავდა. აჩვენებდა ფოტოსურათებს და ახსენებდა ოჯახს, შვილებსა და მეგობრებს.
ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ მეხსიერების დაკარგვის მიუხედავად, ფილისს მშვენივრად ახსოვდა, როგორ ძლიერ უყვარდა ქმარი და მისი დანახვისას, სიხარულს ვერ მალავდა.
„წლების მანძილზე დღიურში ვიწერდი ჩვენს ყველა ისტორიას და ხუმრობებს, რომლებიც მხოლოდ ჩვენ გვესმოდა. როცა მისმა მეხსიერებამ გაქრობა დაიწყო, მე დავიწყე ფილისისთვის ჩანაწერების კითხვა. მას ახლა საუბარი უჭირს, მაგრამ, როცა კითხვას ვწყვეტ და მისკენ ვბრუნდები, ვხედავ, რომ ხელებს მიწვდის და ცდილობს, გულში ჩამიკრას“, – ამბობს ჯეკი.
მოსიყვარულე მეუღლეების ამბავმა დიდი ბრიტანეთის სამეფო კარამდე მიაღწია. საოცარი სიყვარულისა და ერთგულების მაგალითმა დედოფალი ელისაბედი იმდენად შეძრა, რომ ცოლ-ქმარს თანაცხოვრების 70-წლიანი იუბილე პირადად მიულოცა. ამ დროს, ჯეკი 91 წლის იყო, ფილისი კი – 93-ის.
„ადამიანები ხშირად მეკითხებიან, რა არის ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საიდუმლო. ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობდით პრინციპით – მოხდეს, რაც მოსახდენია, მთავარია, ერთად ვიყოთ და ყველაფერს გავუმკლავდებით!“ – ამბობს ჯეკი.
კომენტარები