
სირიაში, სადაც 6 წლის განმავლობაში სამოქალაქო ომი გრძელდება, მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი საავიაციო თავდასხმებია: ათასობით ადამიანი, რომელიც აჯანყებულების ან ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობს, ბაშარ ასადის სამთავრობო ძალების, რუსეთის ავიაციის ან აშშ-ის კოალიციის საჰაერო დარტყმების მსხვერპლი ხდება. The Wired-მა გამოაქვეყნაკომპანია Hala Systems-ის ისტორია, რომელმაც პროგნოზის სპეციალური სისტემა შექმნა. ის მშვიდობიან მოსახლეებს საჰაერო თავდასხმის შესახებ წინასწარ აფრთხილებს. მისი წყალობით ადამიანები ბომბსაფარს დროულად აფარებენ თავს.
კომპანია Hala Systems სამმა კაცმა – ამერიკელმა ჰაკერმა ჯონ ჯეგერმა, ამერიკელმა მეწარმე დეივ ლეინმა და სირიელმა პროგრამისტმა მურადმა – შექმნა (პროგამისტი თავის ნამდვილ სახელს არ ამჟღავნებს). მათ პროექტზე მუშაობა 2015 წლის ბოლოს დაიწყეს, ის საკუთარი სახსრებით დააფინანსეს და დამატებით ფული ნაცნობი ინვესტორისგან მიიღეს.
იმ მომენტისთვის სირიაში არსებობდა ავიათავდასხმების შესახებ შეტყობინების მოუქნელი სისტემა. კერძოდ, სამხედრო ბაზების მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც დაინახავდნენ აფრენილ თვითმფრინავებს ამ ცნობას გადასცემდნენ თავიანთ ნაცნობებს და შემდეგ ინფორმაციას ჯაჭვურად ვრცელდებოდა. მაგრამ, ჯერ ერთი, გაუგებარი იყო ამ თვითმფრინავების მიმართულება, მეორეც, დაკვირვების სისტემატური მეთოდები არ არსებობდა.
ტესტირების ეტაპზე სისტემის პირველი ვერსია მარტივ პრინციპზე აიგო – ის გასული ფრენების მონიტორინგს აანალიზებდა და იღებდა ინფორმაციას ახალი აფრენის შესახებ, გამოთვლით ადგენდა შესაძლო რაიონებს, რომლებიც თვითმფრინავს შეიძლება დაებომბა. მოგვიანებით მას დაუმატეს მონაცემები თვითმფრინავების საშუალო სიჩქარის შესახებ, რამაც მისი მიზნამდე მიღწევის დროის განსაზღვრის და უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთებით შესაძლებლობა შექმნა: Hala-ს ავტორებს ესმოდათ, რომ ამოქმედების მომენტისთვის სისტემას რამდენიმე წუთის სიზუსტით უნდა ეწინასწარმეტყველა დარტყმები, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები მას სანდოდ არ მიიჩნევდნენ.
მომდევნო ეტაპებზე გუნდმა ნეიროქსელი შეიმუშავა, რომელიც ავტომატურად პოულობდა ინტერნეტში მასალებს ავიადარტყმებზე საკვანძო სიტყვების მიხედვით, რამაც თავდასხმის ადგილის და დროის განსაზღვრის შესაძლებლობა შექმნა – ამგვარად შეგროვებული მონაცემების უზარმაზარმა ბაზამ პროგნოზის სიზუსტე კიდევ უფრო გაზარდა.
პირველად სისტემა, რომელსაც Sentry დაარქვეს, 2016 წელის 1 აგვისტოს, იდლიბის პროვინციაში ამუშავდა, რომელსაც ასადის თვითმფრინავები ყველაზე ხშირად ბომბავდნენ. იმ დროისთვის ავტორებმა მთავარი სოციალური ქსელებისთვის სპეციალური „სკრიპტები“ შექმნეს, რომლითაც შესაძლებელი იყო დაგეგმილ თავდასხმებზე შეტყობინებების ტელეფონებში შეტანა, ასევე შეიმუშავეს სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც „თეთრი ჩაფხუტების“ მოხალისეთა დახმარებით ჩაამონტაჟეს ქალაქის განგაშის სასიგნალო მოწყობილობებში, რომლებიც მოსახლეობას საჰაერო თავდასხმების შესახებ ატყობინებს. ახალი მოწყობილობით მათი გააქტიურება შეიძლებოდა.
საბოლოოდ, სიზუსტის გაზრდისათვის სპეციალური მიკროფონული მოდულები შეიმუშავეს, რომლებსაც შეეძლოთ გადაფრენილი თვითმფრინავის ტიპის, სიჩქარის და მოძრაობის მიმართულების განსაზღვრა. რამდენიმე ასეთი მოდული 2018 წლის გაზაფხულზე სირიის იმ რამდენიმე რაიონში დააყენეს, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებდნენ.
Hala-ს შემქნელები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგია კომერციული პროექტია და მომავალში თავის მომსახურებას სახელმწიფო და კერძო კომპანიებს რთულად მართვადი სივრცებეის მონიტორინგისთვის მიჰყიდის. ჯერჯერობით სტარტაპი მცირე ინვესტიციებით, აშშ-ის, ბრიტანეთის და რამდენიმე დასავლური ქვეყნების მთავრობათა შეწირულობებით და გრანტებით ვითარდება.
კომენტარები