
ბავშვისთვის რომ დედის რძეს განსაკუთრებული სარგებელი და მნიშვნელობა აქვს, ამაზე ექიმებს არაერთხელ უსაუბრიათ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ქალებს შვილების ძუძუთი გამოკვება არ შეუძლიათ, ან კიდევ რძე მოულოდნელად უშრებათ. ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში ქალმა დაწერა, რომ რძე მოულოდნელად გაუშრა და ეს ფაქტი სტრესს დაუკავშირა.
“მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ რძე გამიშრა. ეს მესამე შვილია. სავარაუდოდ, სტრესის გამო მოხდა, რადგანაც ნერვიულობა შემხვდა. მას შემდეგ, ერთ თვეზე მეტი გავიდა, რძემ ცოტათი დაიწყო დაბრუნება. შემიძლია, ბავშვის ძუძუთი კვება ხელახლა დავიწყო?” – იკითხა ერთ-ერთმა დედამ.
ექიმები განმარტავენ, სინამდვილეში, არის თუ არა რძის გაშრობა სტრესის ბრალი და ზოგადად, ყველაზე ხშირად რა იწვევს ამ პრობლემას:
– როგორც წესი, სტრესის გამო რძე კი არ შრება, პირიქით, ემატება. სტრესი ჰორმონით რეგულირდება, კორტიზოლი გამომუშავდება, რაც პროლაქტინს ზრდის. პროლაქტინი კი რძის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ჰორმონია.
მაგრამ, კორტიზოლის გამო ოქსიტოცინის გამომუშავება მცირდება. ეს არის ჰორმონი, რომელიც ძუძუდან რძის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, სტრესის დროს რძე არის, მაგრამ დედებს მისი გამოყოფა უფრო უჭირთ.
ასეთ დროს შეგიძლიათ, სხეულს ოქსიტოცინის გამომუშავებაში ცხელი შხაპის მიღებით, ცხელი სითხეების დალევით, კანით კანთან კონტაქტითა და ნეგატიური ფიქრებისაგან თავის არიდებით დაეხმაროთ.
კომენტარები