კარლსრუეს ქართველი ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე კლუბის შეცვლას ზაფხულამდე არ აპირებს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
კარლსრუეში ბუდუ ზივზივაძის მომავალთან დაკავშირებით ახლახან სტატია ცნობილმა გამოცემა kicker-მა გამოაქვეყნა.
„მისი ყოველი გოლის შემდეგ ტრიბუნებზე ისმის – „ბუუუდუუუ“. 16 მატჩი გატანილი 11 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით ზივზივაძე ამ დროისთვის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. 2.97 კოეფიციენტით (გამოცემის შეფასება) კი თავის გუნდში მეორეა მარვინ ვანიტცეკის (2,66) შემდეგ. ეს ციფრები თავისთავად ბევრზე მეტყველებს. ბუნებრივია, მის მიმართ ინტერესი გაზრდილია და მოსალოდნელია, რომ ზივზივაძის წარმომადგენლებიც წინადადებებს მიიღებენ“, – წერს გამოცემა.
„კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და ბოლომდე დარჩენას ვაპირებ, რათა დავეხმარო გუნდს. ამის შემდეგ კი შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მაგრამ ფეხბურთში წინასწარ არაფერი იცი და რაიმე გამორიცხული არც ზამთარშია“, – აცხადებს 30 წლის თავდამსხმელი.
გასაკვირი არ არის, რომ კარლსრუეს გულშემატკივრები შფოთავენ, თუმცა სებასტიან ფრაისი (კლუბის სპორტული დირექტორი) ბაზრის მოთხოვნებს ითვალისწინებს.
„ძალიან კარგად ვიცით, რაოდენ ღირებული მოთამაშეა ბუდუ ჩვენი გუნდისთვის და არ ვაპირებთ მის ზამთარში გასხვისებას, თუმცა, მსგავს რამეს კატეგორიულადაც ვერ გამოვრიცხავთ“, – აღნიშნა მან.
როგორც გამოცემა აწერს, ბოლოს და ბოლოს, კლუბის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ხომ ტრანსფერებიდან შემოსავლების მიღებაა?!
კომენტარები