შატილის გზაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკით ხასიათდება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკით აღინიშნება, 2 მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ ლაბორატორიული მონაცემებით და ასევე ობიექტური მდგომარეობით მინდა გითხრათ, რომ პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია.
პაციენტების მდგომარეობა შემოსვლისას იყო კრიტიკული, მათი მდგომარეობა განიხილებოდა, სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობით, რაც გულისხმობდა, რომ იყო მკვეთრად არასტაბილური გემორაგია, მძიმე ტრამვულ-გემორაგიული შოკი, ნევროლოგიური სტატუსი ფასდებოდა, როგორც სამი ქულა და სამივე მათგანთან იყო მწვავე რესპირატორული სინდრომი.
ამ ეტაპზე მწვავე რესპირატორული დისრპესია მოხსნილია. იმედია ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება. სამივე იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები