საქმიანი ადამიანებისთვის ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, უპირატესობას ისეთი კატეგორიის თანამშრომლებს ანიჭებენ, რომლებსაც დროის მენეჯმენტის უნარი აქვთ და დაკისრებულ მოვალეობებს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ.
მნიშვნელობა არ აქვს თქვენი გუნდი რამდენად ეფექტურად მუშაობს, ყველგან მოიძებნება ერთი თანამშრომელი მაინც, რომელიც სტრესულ სიტუაციებში გაგდებთ.
შეიძლება ყურადღებასაც არ აქცევთ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანები დროს ფუჭად გაკარგვინებენ, რადგან კონცენტრაციას გიკარგავენ და ყურადღებას საკუთარ პრობლემებზე გამახვილებინებენ.
მართალია, სამუშაო გარემოში პროდუქტიულობის ბევრი შემაფერხებელი მოიძებნება, მაგრამ განსაკუთრებით სამი ტიპის თანამშრომლებს უნდა ერიდოთ.
DRAMA QUEEN – დრამის დედოფალი
თუ Drama Queen-თან საქმიანი ურთიერთობა ჯერ არ გქონიათ – გაგიმართლათ. ეს ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას ისე აღიქვამენ, როგორც ტელე-შოუს. კონფლიქტის გაღვივებით სიამოვნებას იღებენ და შედეგებს შორიდან უყურებენ.
ხშირ შემთხვევაში, თანამშრომლებს შორის არსებული დაპირისპირების მიუხედავად, Drama Queen-ის პოვნა რთულია. სხვების დადანაშაულება, კოლეგებს შორის კონფლიქტის წარმოქმნა მათი სტილია. ეს კი თქვენს ყურადღებას იქცევს და დროს გაკარგვინებთ.
სამწუხაროდ, Drama Queen არა მხოლოდ მუშაობის პროდუქტიულობას აფერხებენ, არამედ მათი უარყოფითი დამოკიდებულება და ნეგატიური ტონი ხშირად გადამდებიც ხდება.
ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება საშიში, თუ Drama Queen კომპანიის მენეჯერისა და ხელმძღვანელების დაპირისპირებას ცდილობს.
ამ ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა რთულია, მით უფრო საქმიანი. ზოგიერთი კომპანია მუშაობის პროცესის დროს მკაცრად კრძალავს ყოველგვარ არასაქმიან საუბარს, მაგრამ ამის იურდიულად დამტკიცება აბსურდია.
კონფლიქტური სიტუაციების არსებობის შემთხვევაში გირჩევთ თანამშრომლებს წერილობითი ფორმით აახსნევინოთ თუ რამ გამოიწვია ინციდენტი და ვინ იყო მაპროვოცირებელი.
მსხვერპლი
თანამშრომლებთან ურთიერთობისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა „მსხვერპლის“ ტიპის ადამიანთან გამკლავებაა. ეს ადამიანები ცდილობენ საკუთარი შეცდომები სხვას გადააბრალონ.
გასამართლებელი საბუთი ყოველთვის აქვთ, მათი გამუდმებული წუწუნი კი დანარჩენ თანამშრომლებსაც მოანდომებს „მსხვერპლის“ როლის თამაშს.
დარწმუნებული იყავით, მათზე სანდო ის თანამშრომელიც კი არის, რომელიც გამუდმებით ავადმყოფობს. თითოეულ მენეჯერს სურს, რომ მისი გუნდის წევრები მუდმივად მობილიზებულნი იყვნენ და ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუშაობის პროცესს არ აფერხებდნენ, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის ელემენტარულ გართულებასაც კი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელმა არ იცის თანამშრომელი ნამდვილად ავად არის თუ სიმულირებს.
ალბათ, ხვდებით, რომ საოფისე გარემოში თითოეული ადამიანის შრომას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ერთ-ერთი მათგანი გამუდმებით აცდენს სამსახურს, დანარჩენებიც მიბაძავენ არარსებული დაავადებების გამოგონებით ან არსებულის გამწვავებით.
ამის თავიდან ასაცილებლად თანამშრომლები თავიდანვე გააფრთხილეთ, რომ კონკრეტული დღეების გაცდენის შემდეგ ექიმის ცნობის მიტანა აუცილებელი ხდება.
თითოეული დოკუმენტი ყურადღებით შეისწავლეთ და კითხვების არსებობის შემთხვევაში თანამშრომლებს გაესაუბრეთ.
დისიდენტი
ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ყველაფერზე პრიორიტეტული წესების დარღვევა არის. თუ თქვენს ოფისში ჩაცმულობის დრესს-კოდია, დარწმუნებული იყავით, რომ ეს თანამშრომელი ყოველ პარასკევს აჭრელებული მაისურით გამოგეცხადებათ.
დავალებების შესრულებისას გაწერილი განრიგის არსებობის შემთხვევაში ისინი სურვილისამებრ იმოქმედებენ და არ დაგემორჩილებიან. წესების შემოღების შემთხვევაში კი მათთან მუდმივ დაპირისპირებას უნდა ელოდოთ.
კამათისა და კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის ნაცვლად დისიდენტებთან კარგი ურთიერთობა დაამყარეთ. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები განსხვავებული მოაზროვნეები არიან, რომლებსაც თავისებური ხედვა აქვთ. თუ მათ უნარებს სამუშაო პროცესს შეუთავსებთ, შესაძლოა, ძლიერი მოთამაშე შეიძინოთ.
მაგრამ, ზოგჯერ დისიდენტებს თქვენი მოსმენაც არ სურთ. თავიანთი თავი ორგანიზაციის ან ოფისის ლიდერად ესახებათ, რამაც შესაძლოა, რეალურად კარგი და პროდუქტიული თანამშრომლები გააქციოს.
მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად მკაცრად განსაზღვრეთ დრესს-კოდი, სამუშაო საათები, პროექტების წარდგენის ვადები და სხვა.
თანამშრომლებთან ურთიერთობა რთული პროცესია, მათ კატეგორიებად დაყოფის შემთხვევაში მენეჯმენტს გაცილებით გაგიადვილებთ და ეფექტურად იმუშავებთ.
წყარო:http://www.mens.ge
კომენტარები