მამაკაცის სახესა და სხეულზე თმის სიხშირეს ყველასთვის ცნობილი ჰორმონი – ტესტოსტერონი განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალია სხეულში ტესტოსტერონის დონე, მით უფრო ხშირია თმის საფარი. ასევე, ტესტოსტერონის მაღალ დონეზე მეტყველებს დიდი და გამოკვეთილი „ადამის ვაშლი“, დაბალი, ბოხი ხმა, განიერი მხრები, გამოკვეთილი ყბები და კიდევ ისიც, რომ ტესტოსტერონის მაღალი შემცველობის მქონე მამაკაცებს საჩვენებელი თითი არათითზე მოკლე აქვთ.
მამაკაცის სხეულში ტესტოსტერონის დონეზე და შესაბამისად, თმიანობის ხარისხზე, შინაგანი ფაქტორების გარდა, გეოგრაფიაც მოქმედებს.
მეცნიერებმა სხვადასხვა ეროვნების 5 000 მამაკაცს ტესტოსტერონის დონე გაუზომეს. ჰორმონის ყველაზე დაბალი დონე ამერიკაში მცხოვრებ თეთრკანიანი მამაკაცების 6% გამოუვლინდა, ხოლო აზიელებს შორის დაბალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცები მხოლოდ 3% იყო.
კვლევის შედეგებმა ასევე გამოავლინა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მონღოლოიდებს ჰორმონის იგივე დონე აქვთ, როგორც ქვეყნის სხვა მცხოვრებლებს. ეს კი ნიშნავს, რომ თმის საფარის სიხშირე გეოგრაფიის გარდა, სხვა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა საკვების, წყლისა და ჰაერის ხარისხი და, რა თქმა უნდა, გენეტიკა.
კიდევ ერთი კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე თმიანი მამაკაცები სამხრეთ რეგიონებში ცხოვრობენ. ხშირი თმიანობით გამოირჩევიან კავკასიელები, ბერძნები, იტალიელები, ესპანელები, ლათინური ამერიკის ხალხები, არაბები, პორტუგალიელები, ებრაელები, ავსტრალიის აბორიგენები და იაპონური აინუები.
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ერები, რომლებსაც თმიანი მამაკაცები ჰყავს, დიდი იმპერიების ფუძემდებლად გვევლინებიან (ბერძნები, რომაელები, არაბები, მონღოლები, ბრიტანელები, რუსები და ამერიკელები).
მოდი, ისევ აზიელებს დავუბრუნდეთ. მათი უმეტესობა სახეზე და სხეულზე ხშირი თმით ვერ დაიკვეხნის და ეს გენეტიკური მახასიათებელია.
მაგალითად, ჩინელები მონღოლოიდურ რასას მიეკუთვნებიან, რომელსაც თმიანობა არ ახასიათებს, თუმცა ჩინელების გენეტიკაში ავსტრალოიდური რასაც ჩაერია, რომელსაც პირიქით, ხშირი თმიანობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ჩინელების სახესა და სხეულზე მცირეოდენი თმა მაინც შეიმჩნევა.
აზიელებისთვის წვერი მამაკაცურობის სიმბოლოა და ჩინურ მედიცინას უკავშირდება. ჩინური ტრადიციების მიხედვით, წვერი, განსაკუთრებით თუ სქელი და გრძელია, მამაკაცურობისა და ნაღვლის ბუშტის კარგი მუშაობის მაჩვენებლად ითვლება.
ამიტომ ძველი დროის მხატვრები აზიელ მებრძოლებს ყოველთვის წვერით გამოსახავდნენ.
კომენტარები