ცნობილი რუსი თაღლითი ანა დელვი, იგივე ანა სოროკინა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
ის ამერიკული ცეკვავენ ვარსკვლავების ახალ სეზონში იღებს მონაწილეობას. ანა დელვის ფეხზე სპეციალური მონიტორი უკეთია, რითაც პოლიცია მის ადგილმდებარეობას აკონტროლებს.
სატელევიზიო პროექტში მისმა გამოჩენას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ თაღლითის სცენაზე გამოყვანა მიუღებელი და დაუშვებელია. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ანა დელვისთვის მეორე შანსის მიცემა კარგი საქციელია.
ვინ არის ანა დელვი – იგივე ანა სოროკინა
ანა სოროკინა მოსკოვის ოლქში – დომოდედოვოში დაიბადა. 2007 წელს ანამ მშობლებთან და ძმასთნ ერთად რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. სოროკინას მამა გერმანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტით იყო დაკავებული.
სოროკინამ საშუალო სკოლა ქალაქ ეშვეილერში დაამთავრა. როგორც კლასელები ამბობენ, ანას მანჰეტენის ელიტის ცხოვრება ბავშვობიდანვე ძალიან მოსწონდა. ის მუდამ ვოგის ჟურნალებს ათვალიერებდა და ოცნებობდა, რომ ერთ დღესაც ამ ყველაფრის ნაწილი თავადაც გახდებოდა.
2012 წელს ანა სოროკინა საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. მან მუშაობა ფრანგული ჟურნალისთვის – „ფარფლ” დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში ანამ მის მიერვე გამოგონილი სახელისა და გვარის „ანა დელვის” გამოყენება დაიწყო.
2013 წელს დელვიმ საცხოვრებელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად ნიუ-იორკში გადავიდა. შტატებში ყოფნის პერიოდში ანამ მანჰეტენის ელიტის ყველა წევრს დააჯერა, რომ ის გერმანელი მდიდარი მემკვიდრის ქალიშვილი იყო, რომლის ქონებაც 60 მილიონს შეადგენდა. ამ ყველაფერმა დელვის საშუალება მისცა, რამდენიმე ბანკიდან ათი ათასობით დოლარის სესხი აეღო.
ანა დელვის ამერიკული ოცნებით ცხოვრება ნიუ-იორკის ელიტურ საზოგადოებაში გარევას, აღმასრულებელ ხელმძღვანელებთან თუ არტისტებთან ერთად წვეულებებზე ყოფნას, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში დარჩენას, ქალაქის ყველაზე მდიდრულ რესტორნებში სადილობას და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას გულისხმობდა. ამ ყველაფერს ის რამდენიმე წლის განმავლობაში თაღლითობის ხარჯზე ახერხებდა. ნიუ-იორკის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 2013-2017 წლებში დელვი უფასოდ მოგზაურობდა კერძო თვითმფრინავით, ცხოვრობდა მანჰეტენის მაღალი დონის სასტუმროებში.
ანა დელვის მიზნად ჰქონდა გრამერსის პარკში კერძო სახელოვნებო კლუბი – Anna Delvey Foundation გაეხსნა, რომელიც ფოფ-აფ მაღაზიებს, საგამოფენო სივრცეებს, რესტორნებს, ბარს.. მოიცავდა. ეს დელვის გრანდიოზული გეგმა იყო, რომლის განსახორციელებლად თავის კავშირებს იყენებდა გავლენიან ადამიანებთან, რომელთა შორისაც იყვნენ: ესპანელი არქიტექტორი სანტიაგო კალატრავა, ნობუს თანადამფუძნებელი რიჩი ნოტარი და ჯოელ კოჰენი, პარტნიორი გიბსონ დანის უძრავი ქონების საადვოკატო ფირმიდან. რა თქმა უნდა, მათ დელვისგან დაპირებული სარგებელი არ მიუღიათ.
სოროკინი 2017 წლის ოქტომბერში დააკავეს და თაღლითობისთვის ოთხიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა მიესაჯა. მისი უდარდელი ცხოვრების სტილი სასტუმროებს, ბანკებს და მანჰეტენის გამოჩენილი საზოგადოების წევრებს დაახლოებით $200,000 დაუჯდათ.
დელვის პერსონას მრავალი გულშემატკივარი ჰყავს. პირველ რიგში, მას ხოტბას ასხამენ იმიტომ, რომ ბევრს დაანახა, რა გავლენას ახდენს ფული ადამიანზე და როგორ შეიძლება მატერიალური საგნებით ხალხის მანიპულირება. ჯესიკა პრესლერის New York Magazine – თვის მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ:
„ხალხი მეკითხებოდა: რატომ ეს გოგო? ის არ არის სუპერ სექსუალური ან სუპერ შარმიანი, ისინი ამას ხაზს უსვამდნენ; არც ძალიან სასიამოვნო იყო. როგორ მოახერხა ამდენი მაგარი, წარმატებული ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ იყო რაღაც, რაც ცალსახად არ ყოფილა? Rikers – ის გუშაგის ყურებისას, როცა ის Fast Company – ის მანილის კონვერტში ათავსებდა, მივხვდი, რა ჰქონდა ანას იმ ადამიანებთან საერთო, რომლებსაც ამ ჟურნალის გვერდებიდან სწავლობდა: მან დაინახა რაღაც, რასაც ხვები ვერ ამჩნევდნენ. ანა ნიუ-იორკის სულს უყურებდა და შენიშნა, რომ თუ ხალხს ყურადღებას ბზინავი საგნებით, ქაღალდის ფულის დიდი შეკვრებით, სიმდიდრის ნიშნებით გაუფანტავ, თუ მათ ფულს აჩვენებ, ისინი სხვა ვეღარაფრის დანახვას შეძლებენ. და საქმე ისაა, რომ: ეს ძალიან მარტივი იყო.“
როგორც თავად დელვიმ New York Times – ს განუცხადა, არაფერს ნანობს და რომ შეეძლოს, ალბათ, იმავეს გააკეთებდა.
დელვის პერსონა საინტერესო ფიგურაა მოდის ინდუსტრიისთვისაც. განსაკუთრებული ყურადღება მისმა სტილმა სასამართლო პროცესებზე მიიქცია. მის ლუქებს ინსტაგრამის გვერდიც აქვს მიძღვნილი – @AnnaDelveyCourtLooks, რომელსაც თითქმის რვა ათასი გამომწერი ჰყავს.
მისმა წარმოუდგენელმა ისტორიამ დააინტერესა ტელეპროდიუსერი შონდა რაიმსი (“გრეის ანატომია”, “სკანდალი”) ასე შეიქმნა Netflix-ის მინისერიალი”განასახიერო ანა”(Inventing Ann), რომელშიც მთავარ როლს ჯულია გარნერი ასრულებს. მედიის ცნობით, სოროკინმა სტრიმინგის გიგანტიდან ჰონორარის სახით 320 000$ მიიღო.
კომენტარები