გაზაფხულის მზიან დღეს სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი ახალთახალი „იაგუარის“ საჭესთან იჯდა და მშვენიერ განწყობაზე მყოფი რაღაც მელოდიას ღიღინებდა. სანამ სახლისკენ შეუხვევდა, მამაკაცმა გზის პირას მჯდომი ბავშვები შენიშნა და მოძრაობა შეანელა.
ბავშვებს რომ გასცდა, ახალგაზრდამ სიჩქარის მომატება დააპირა, მაგრამ უცებ გაიგო, რომ მის მანქანას ქვა მოხვდა და მკვეთრად დაამუხრუჭა.
ახალგაზრდა მანქანიდან გადმოვიდა, ბავშვებთან მივიდა, ერთ-ერთს საყელოში ხელი ჩაავლო და ძლიერად შეაჯანჯღარა.
– რატომ ესროლე ჩემს მანქანას ქვა? იცი რა ღირს ეს მანქანა?! – ყვიროდა ახალგაზრდა.
– მაპატიეთ, ბატონო, მანქანის დაზიანება არ მსურდა, უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა. ჩემი ინვალიდი ძმა ეტლიდან გადმოვარდა. დახმარების გარეშე მისი ეტლში ჩასმა ვერ შევძელი, რადგან ჩემთვის ძალიან მძიმეა. რამდენიმე საათია დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ მანქანა არავინ გაგვიჩერა. ქვის სროლის გარდა, აღარაფერი დამრჩენოდა, რადგან თქვენც აუცილებლად გვერდით ჩაგვივლიდით, – თქვა ჩურჩულით ბიჭმა.
***
ახალგაზრდა მამაკაცმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი ეტლში ჩასვა. ის გრძნობდა, როგორ უჭირდა ყელში მოწოლილი ცრემლების შეკავება. ამიტომ მანქანისკენ უხმოდ წავიდა და ახალთახალ კარზე ჩაღრმავება დაათვალიერა, რომელიც ნასროლმა ქვამ დატოვა.
ახალგაზრდა მამაკაცი ამ მანქანას კიდევ ბევრი წელი მართავდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ხელოსანი დაზიანებული კარის შეკეთებას სთავაზობდა, უარს ეუბნებოდა.
კარზე ჩაღრმავება მისთვის შეხსენებად იქცა, რომ როცა ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას არ უსმენ, შეიძლება ქვა მოგვხვდეს.
კომენტარები