როცა ადამიანი მილიონს გჩუქნის, მადლობა არ უთხრა, ეს, უბრალოდ, სისულელე, უზრდელობა იქნება, ჩემი აზრით. ამიტომ მე ვერაფერს ვხედავ ტრაგიკულს იმაში, რომ მადლობა უთხრეს ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ მედიასთან საუბარში პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა და გამოეხმაურა იმ კრიტიკას, რომელიც ფონდ „ქართუსგან“ ფეხბურთელებისთვის პრემიის სახით 30 მილიონი ლარის გადაცემაზე ნაკრების სახელით კაპიტან გურამ კაშიას სამადლობელ განცხადებას მოჰყვა.
რაქვიაშვილის თქმით, ფეხბურთელებს არ უნდა მოსთხოვონ პოლიტიკურად იმ განცხადებების გაკეთება, რომელიც გარკვეული ჯგუფის ინტერესშია.
„არ უნდა მოვთხოვოთ ფეხბურთელს, რომ ის იყოს პოლიტიკოსი და პოლიტიკურად ყოველთვის იმ განცხადებას აკეთებდეს, რომელიც რომელიღაც ადამიანთა ჯგუფს მოეწონება. ფეხბურთელები ფეხბურთელები არიან, თავიანთი საქმე კარგად გააკეთეს, უკეთესად გააკეთეს, ვიდრე, ზოგადად, ჩვენ მოლოდინი გვქონდა. ამისთვის მადლობა ეკუთვნით. პოლიტიკაში როგორ არიან აქტიურები, ეს სრულიად მეათეხარისხოვანია, შეიძლება, საერთოდ არც იყვნენ აქტიურები და არც მოეთხოვებათ.
როცა ადამიანი მილიონს გჩუქნის, მადლობა არ უთხრა, ეს, უბრალოდ, სისულელე, უზრდელობა იქნება, ჩემი აზრით. ამიტომ მე ვერაფერს ვხედავ ტრაგიკულს იმაში, რომ მადლობა უთხრეს ბიძინა ივანიშვილს. ეს ნორმალური ქცევაა, ჩემი აზრით. ხალხი, რომელსაც გადამეტებული მოლოდინები აქვს და ხან ვიღაცას ლანძღავენ, ხან აქებენ, ეს მათი პრობლემაა. ეს არაფერ შუაში არ არის არც პოლიტიკასთან და არც ფეხბურთთან“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან” 30 მილიონი ლარი მიიღეს პრემიის სახით, რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების კაპიტნის მიერ ნაკრების სახელით გაკეთებული სამადლობელი განცხადება გაავრცელა.
კომენტარები