კვლევამ აჩვენა, რომ მყინვარული პერიოდის თინეიჯერებმა 25 ათასი წლის წინაც ისევე გაიარეს პუბერტატი, როგორც ეს თანამედროვე მოზარდებში ხდება. მეცნიერებმა პლეისტოცენის ხანის თინეიჯერებში პუბერტატის მიმდინარეობა შეისწავლეს და ადრეული ადამიანების ზრდაზე ღირებული ინფორმაცია მოიპოვეს. ნაშრომი გამოცემაში Journal of Human Evolution გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა დასკვნები ძვლების მიხედვით გააკეთეს, რომლებიც 10-იდან 20 წლამდე ასაკის 13 ადამიანს ეკუთვნოდა. ძვლებში კონკრეტული ნიშნები აღმოაჩინეს, მათ საფუძველზე კი მოზარდობის პროგრესირება შეაფასეს.
“ჩონჩხის კონკრეტული ნაწილები შევისწავლეთ და ამით დავასკვენით, მაგალითად, როდის დაეწყო მოზარდს მენსტრუაცია ან როდის დაუბოხდა ხმა”, — აცხადებს პალეოანთროპოლოგი ეიფრილ ნოუელი, კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ტექნიკა კვლევის ხელმძღვანელმა მერი ლუისმა შეიმუშავა. მისი მეთოდი კბილების მინერალიზაციას აფასებს; ადგენს ხელის, იდაყვის, მაჯის, კისრისა და მენჯის ძვლების სიმწიფეს, რათა გაირკვეს, პუბერტატის რა ეტაპამდე იყო მისული ადამიანი სიკვდილის მომენტში.
„პუბერტატის ფაზის შეფასების ჩემეული მეთოდი პირველად გამოვიყენეთ პალეოლითის ხანის ნაშთებზე; ასევე პირველად გამოვიყენეთ სხვა მეთოდი, პეპტიდური ანალიზი, ბიოლოგიური სქესის დასადგენად”, – აცხადებს ლუისი.
მიჩნეულია, რომ პრეისტორიულ ხანაში სიცოცხლე არახელსაყრელი, სასტიკი და ხანმოკლე იყო. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ თინეიჯერები რეალურად საკმაოდ ჯანმრთელები იყვნენ. გამოკვლეული ინდივიდებიდან უმეტესობამ პუბერტატში 13.5 წლის ასაკში შეაბიჯა, ზრდასრულობას კი 17-იდან 22 წლამდე მიაღწია. ეს აჩვენებს, რომ მყინვარული პერიოდის მოზარდებსაც დაახლოებით მაშინ ეწყებოდათ პუბერტატი, როცა თანამედროვე მოზარდებს ეწყებათ მდიდარ ქვეყნებში.
„შორეულ წარსულთან დაკავშირება ჩვენთვის ზოგჯერ ძალიან რთულია, თუმცა პუბერტატი ყველამ გავიარეთ, თუნდაც ერთმანეთისგან განსხვავებულად”, – აცხადებს ნოუელი – „ჩვენი კვლევა ამ თინეიჯერების გაადამიანებაში ისე გვეხმარება, როგორც უბრალოდ ქვის ხელსაწყოების შესწავლით ვერ ხერხდება”.
13 ჩონჩხიდან ერთ-ერთი “რომიტო 2-ს” ეკუთვნოდა. მამრობითი სქესის ეს მოზარდი მეცნიერებისთვის ნაცნობი პირველი ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც დვარფიზმის ერთ-ერთი ფორმა ჰქონდა. რომიტოს პუბერტატის კვლევით მისი შესახედაობისა და სოციალური როლის შესახებაც მოიპოვეს ინფორმაცია.
ბიჭს პუბერტატი სანახევროდ უკვე ჰქონდა გავლილი, ამიტომ, სავარაუდოდ, შედარებით ბოხი ხმა ექნებოდა და შვილების ყოლასაც შეძლებდა; მეორე მხრივ, სახეზე თხელი თმით ახალგაზრდული შესახედაობა ექნებოდა. სიდაბლის გამო იგი გარეგნულად ბავშვს უნდა მგვანებოდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამას გავლენა ექნებოდა იმაზე, თუ როგორ აღიქვამდა ბიჭს თემი.
„კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელიც გამყინვარების ეპოქის მოზარდთა ფიზიკურ მახასიათებლებსა და განვითარების ეტაპებს ეხება, ახალ გზას გვთავაზობს მათი დამარხვისა და სიკვდილის შემდგომი მოპყრობის ინტერპრეტაციისთვის”, – დასძენს არქეოლოგი ჯენიფერ ფრენჩი, კვლევის თანაავტორი.
კომენტარები