ფეხის ჭარბი ოფლიანობა საკმაოდ დელიკატური პრობლემაა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს. ჭარბ ოფლიანობას მედიცინაში ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს ადგილობრივი (ფეხების, ხელების ან იღლიების ოფლიანობა) ან ზოგადი, როდესაც ჭარბი ოფლიანობა მთელ სხეულზე ფიქსირდება.
ფეხის ოფლიანობა და მისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნი ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ სირთულეს უქმნის, მაგრამ სანამ პრობლემის მოგვარებას შეუდგებით, მისი გამომწვეევი მიზეზი უნდა იპოვოთ.
რა იწვევს ფეხების ჭარბ ოფლიანობას?
ოფლი კანის ზედაპირის გასაგრილებლად წარმოიქმნება, შესაბამისად, ოფლიანობა მომატებულ ტემპერატურაზე სხეულის ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა ფეხზე ჭარბი ოფლის გამოყოფას შეიძლება სხვა მიზეზებიც ჰქონდეს. ესაა ფეხის არასაკმარისი ჰიგიენა, ზედმეტად თბილი, მჭიდრო, მოუხერხებელი და დაბალი ხარისხის მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი, ფეხსაცმლის სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ძირები, სინთეტიკური მასალისგან დამზადებული წინდები, ჰორმონალური დისბალანსი, სხეულის ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, სოკო), რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მუდმივი შფოთვა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება, ბრტყელი ტერფი. ასეა თუ ისე, თუ პრობლემა სერიოზულ დაავადებებს არ უკავშირდება, მისი აღმოფხვრა მკურნალობის ტრადიციული და ყველასთვის ხელმისაწვდომი მეთოდების გამოყენებით შეიძლება.
ფეხების ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა აბაზანები ბალახეული ნაყენებით და ჰიდრომასაჟით, რომლებსაც დამამშვიდებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ეს მარტივი და ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ, რომ ფეხის ოფლიანობას და მისგან გამოწვეულ პრობლემებს სამუდამოდ დაემშვიდობოთ.
გვირილის ან სალბის ნაყენი
ორი სუფრის კოვზ გამხმარ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ასე დატოვეთ, სანამ გაგრილდება. მიღებული ნაყენი ჩაასხით თბილ წყალში და ფეხები 15-20 წუთის განმავლობაში მოათავსეთ. წყლიდან ამოღების შემდეგ ფეხებზე წყალი არ გადაივლოთ და პირსახოცის გარეშე შეიშრეთ.
ჩაის ხის ზეთი
3-4 წვეთი ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ ფეხის აბაზანას და ფეხები 15-20 წუთით მოათავსეთ.
ჩაის ნაყენი
ფეხები მოათავსეთ ჩაის მაგარ ნაყენში თხუთმეტი წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ. ეს კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის შესამცირებლად.
ძმარი
ფეხებზე გადაივლეთ ძმრის ხსნარი. ფეხის სუნის მოსაცილებლად კვირაში სამ-ოთხჯერ ფეხები დაიბანეთ ძმრის თბილ წყალხსნარში. ერთ ჯერზე ნახევარი ჭიქა ძმარი გეყოფათ.
ზღვის მარილი
ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის ან უბრალო მარილი 1 ჭიქა ცხელ წყალში. გადაივლეთ ტერფებზე ღამე, დილით კი გამოიყენეთ ცივი მარილიანი წყალი. ასეთი პროცედურების შემდეგ მცირდება ოფლიანობა და სუნი ფეხებზე.
ლიმონი
ყოველ ღამე ფეხები ლიმონის წვენით გაიწმინდეთ.
თუ ზემოთ ხსენებული ზომების მიუხედავად, ფეხის ოფლიანობა ისევ გაწუხებთ, საღამოს სუფთა ფეხებზე წაისვით მენთოლის, სალიცილის მჟავას, სალბისა და გვირილის ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი და ბაქტერიოციდული თვისების მქონე კრემი, ფეხსაცმელში კი დეზოდორის კაფსულები ჩააწყვეთ და ოფლიანობა და სუნი 3 თვე არ შეგაწუხებთ.
კომენტარები