მან 4 წლის ასაკში ჰომეროსი ორიგინალში წაიკითხა, 7 წლის ასაკში ანატომიის გამოცდა ჩააბარა, 8 წლის ასაკში რვა ენა ისწავლა და რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი დაწერა, 11 წლის ასაკში ჰარვარდში ჩააბარა, რომელიც 16 წლის ასაკში წარჩინებით დაამთავრა.
უილიამ ჯეიმს სიდისის IQ (ინტელექტის კოეფიციენტის) 100 ქულით აღემატებოდა აინშტაინის ინტელექტის კოეფიციენტს. შესაბამისად, ის მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ადამიანად ითვლებოდა, თუმცა მახვილ გონებას სიდისისთვის ბედნიერება არ მოუტანია. პირიქით, მას ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა.
***
უილიამი 1898 წელს, აშშ-ში, უკრაინელი ებრაელისა და ამერიკელის ოჯახში დაიბადა. უილიამის მშობლები არ ეთანხმებოდნენ სწავლის ჩარჩოებში მოქცევას და ორიენტირებულნი იყვნენ შვილისთვის ფართო ცოდნის უწყვეტად მიღებაზე, რის გამოც კრიტიკის ობიექტად არაერთხელ ქცეულან.
უილიამის მამა, ფსიქოლოგი და მედიცინის დოქტორი ბორის სიდისი ამბობდა, რომ მის მიერ შემუშავებული მეთოდით ნებისმიერი ბავშვისგან გენიოსის აღზრდა შეიძლება და ამის დასტურად, საკუთარ შვილზე ექსპერიმენტი ჩაატარა.
აღზრდის არასტანდარტულმა ხერხმა ნამდვილად გაამართლა. უილიამს მათემატიკური და ლინგვისტური უნარ-ჩვევები ადრეული ბავშვობიდან განვითარებული ჰქონდა. მან კითხვა წელიწად-ნახევრის ასაკში დაიწყო, 2 წლის ასაკში კი საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა. ბიჭუნამ პირველი კლასის სასწავლო გეგმა ერთ დღეში სრულად შეისწავლა და ზოგად, 7-წლიან განათლებას ერთ წელზე ნაკლებ დროში დაეუფლა.
***
9 წლის ასაკში უილიამი მზად იყო ჰარვარდში სწავლისთვის, მაგრამ უნივერსიტეტმა არ მიიღო – ლექტორებმა ჩათვალეს, რომ ბავშვი ამისთვის ემოციურად მოუმწიფებელი იყოო.
1909 წელს, 11 წლის გენიოსისთვის ჰარვარდის კარი გაიღო და ის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა…
***
უნივერსიტეტის წლები მისთვის ნამდვილ ტანჯვად იქცა. უილიამს სტუდენტები დასცინოდნენ, პრესა კი ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. ახალგაზრდა გენიოსს პირადი ცხოვრება არ ჰქონდა – მისი ცხოვრების ყოველი წვრილმანი გაზეთების ფურცლებზე შუქდებოდა და განხილვის თემა ხდებოდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უილიამი დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი თავის პოვნას ცდილობდა. ერთხანს მასწავლებლობა სცადა, თუმცა სტუდენტების დაცინვის გამო, ეს იდეა დაივიწყა. შემდეგ პოლიტიკით დაინტერესდა და 1919 წელს სოციალისტთა მიერ გამართულ მაისის აღლუმში მიიღო მონაწილეობა. უილიამს აჯანყებისკენ მოწოდების ბრალდებით 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მამამისმა ოლქის რწმუნებულთან შეთანხმებას მიაღწია, რომ უილიამი სააპელაციო საჩივრის განხილვამდე გაეთავისუფლებინათ და შვილი კალიფორნიაში წაიყვანა, სადაც სანატორიუმში რეაბილიტაციის კურსები გაატარა.
***
წარუმატებლობას საკუთარ თავში ჩაკეტვა მოჰყვა. უილიამმა გადაწყვიტა ცოლი არასოდეს მოეყვანა და ადამიანებთან რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა ჰქონოდა. გენიოსი მშობლებისგან, ჟურნალისტებისა და ყველასგან, ვინც მას იცნობდა ნიუ-იორკში გაიქცა, სადაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება სცადა, მაგრამ მალე საცხოვრებელი ადგილი შეცვალა.
საცხოვრებელი ადგილების ხშირი ცვლით უილიამი ცდილობდა, რაც შეიძლება გაქცეოდა ზედმეტ ყურადღებას. თავი რომ ერჩინა, ის წიგნებს ფარულად, ფსევდონიმებით გამოსცემდა და უბრალო თანამდებობებზე მუშაობდა, მაგრამ ამან არ უშველა.
ჟურნალისტები გენიოსს ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ და მის ცხოვრებას აღწერდნენ. სენსაციების მოწყურებულ საზოგადოება სიამოვნებით კითხულობდა ყოფილი ვუნდერკინდის წარუმატებლობის ამბებს. „დაუდევრად ჩაცმული მამაკაცი გარეუბანში პატარა ოთხს ქირაობს და უბრალო კლერკად მუშაობს, რომელსაც მოკრძალებული ხელფასი აქვს“, – წერდნენ გაზეთები.
***
1944 წელს სიდისი ბოსტონში, 46 წლის ასაკში, ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა. მან მხოლოდ 46 წელი იცოცხლა, მაგრამ უამრავი შთამბეჭდავი ნამუშევარი დატოვა, რომლებსაც დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
სიდისის ნაშრომები ეხება: ამერიკის ისტორიას, კოსმოლოგიას და ფსიქოლოგიას. გარდა ამისა, სიდისი მუშაობდა რკინიგზის ბილეთების კონდუქტორად და დაინტერესდა სატრანსპორტო სისტემით. მან ფსევდონიმით “ფრენკ ფალუპა” დაწერა ნაშრომი სატრანსპორტო ქსელის სიმძლავრის გაზრდის გზებზე.
კომენტარები