
ჟურნალი „სარკე“ გვაცნობს 116 წლის ქალს, თამარ ჩუბინიძე-სოფრომაძეს, რომელიც 1906 წელს ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუამთაში დაიბადა.
ის 80 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ქმარი 80 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს დაეღუპა, როცა მეორე შვილზე იყო ორსულად. მას შემდეგ აღარ გათხოვილა. დაქვრივებულმა გაზარდა ორი ქალიშვილი და, შვილებს რომ უმამობა არ ეგრძნოთ, ძალ-ღონეს არ იშურებდა.
,,80 წლის ვარ და ძალიან მეამაყება, ასეთი კოპწია დედა რომ მყავს. ჩემი შვილიშვილები თბილისიდან ხშირად ჩამოდიან, უყვართ ბებიასთან ყოფნა, ჩახუტება, ფოტოების გადაღება. ამით ძალიან ბედნიერები არიან”, – უთხრა ,,სარკეს” საქართველოში უხუცესი ქალის ქალიშვილმა, 80 წლის დალი ჩუბინიძემ.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.
– ქალბატონო თამარ, როგორ იწყება თქვენი დილა?
– ჩემი დილა აუცილებლად იწყება ფინჯანი ყავით, რომელსაც მომართმევს ჩემი ქალიშვილი. მანამდე კი ვივარცხნი და ვიწესრიგებ თმას. ძალიან მიყვარს სარკეში ჩახედვა. ასევე მიყვარს მანიკიურის გაკეთება.
– მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, ვისთან ერთად ცხოვრობთ, ვინ გივლით.
– ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ ვანის სოფელ შუამთაში. ჩემი ერთი შვილი დაიღუპა. მყავს 10 შვილიშვილი და ბევრი შვილთაშვილი.
– გაგვიმხილეთ თქვენი დღეგრძელობის საიდუმლო, როგორ ვიცხოვროთ ამ ასაკამდე.
– ზეთიან საჭმელს არაფერს ვჭამ. მიყვარს შოკოლადი და ორცხობილა. ყურძენი, ბანანი, ვაშლი, ატამი – ხილს არაფერს ვჭამ. კუჭი მაქვს დაზიანებული და არ შეიძლება. ფაფებით, ორცხობილათი და შოკოლადით ვიკვებები ბოლო წლებია. მანამდე ყველაფერს ვჭამდი. ობოლ შვილებს ვზრდიდი და სად მქონდა საჭმლის რჩევის თავი?
კომენტარები