
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს? პროფესორი თინათინ ჩიქოვანის თქმით, ბავშვის იმუნიტეტის დაქვეითებაზე მიუთითებს ერთი და იგივე ან მსგავსი პათოგენებით გამოწვეული განმეორებითი ინფექციების არსებობა. ინფექციის ტიპის მიხედვით ვხვდებით, თუ იმუნური სისტემის რომელი რგოლია დეფექტური. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პედიატრს, რომელიც სწორად დაგეგმავს თქვენი ბავშვის შემდგომ კვლევასა და მკურნალობას.
თინათინ ჩიქოვანი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია მივაჩვიოთ იგი ჯანსაღი ცხოვრების წესს. ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ძლიერი იმუნური სისტემა კი ჩვენი ბავშვის სრულყოფილ დაცვას განაპირობებს.
1. ჯანმრთელი და დაბალანსებული დიეტა. კარგად დაბალანსებული კვება, რაც ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის მქონე მრავალფეროვან საკვებს მოიცავს, მეტად მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის კარგი ფუნქციონირებისთვის. ჯანსაღი კვება ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნაში, უჯრედების განახლებაში, რაც აუცილებელია ინფექციებისგან და სხვა ავადმყოფობებისგან თავდასაცავად.
ცილის მისაღებად ბავშვის ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ხორცი, თევზი ან რძის ნაწარმი, განსაკუთრებით კი ხაჭო, რომელიც ორგანიზმისთვის კალციუმის წყაროსაც წარმოადგენს. კვების რაციონში აუცილებლად ჩართეთ ვიტამინებით და საჭირო მინერალებით მდიდარი კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, ხილი, კენკრა. ეცადეთ, ბავშვს სისტემატურად აჭამოთ უმი ბოსტნეული და ხილი. თუ ბავშვი ალერგიული არ არის, მიეცით თხილი, კაკალი. ის მდიდარია მცენარეული ცილით, ცხიმით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით.
2. საკმარისი ძილი. კვლევებმა აჩვენა, რომ ძილი, მოზრდილებისთვის და ბავშვებისთის არის ის ძირითადი ფაქტორი, რაც აუცილებელია იმუნური სისტემის კარგად ფუნქციონირებითვის. ძილის დეფიციტი მნიშვნელოვნად ზრდის სიმსუქნის, დიაბეტისა და გულისმხრივი პრობლემების განვითარების რისკს.. ასევე არასაკმარისმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული ფუნქციის დარღვევა და ინფექციასთან ბრძოლის დაქვეითება. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთ ღამეში რამდენიმე საათის ძილის ნაკლებობამ შეძლება გაზარდოს ორგანიზმში ანთების განვითარების რისკი. „ძილი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის. ადამიანები ვერ ხვდებიან საკმარისი ძილის მნიშვნელობას“, ამბობს პროფესორი დევიდ კატსი, იელის პრევენციული კვლევის ცენტრის დირექტორი.
3. ვარჯიში. კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. რეგულარულმა ვარჯიშმა შესაძლოა გაზარდოს სისხლის თეთრი უჯრედების აქტივობა და გაზარდოს მათი ცირკულაცია ორგანიზმში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზედმეტმა ვარჯიშმა იმუნურ სისტემაზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს და, შესაბამისად, ორგანიზმის თავდაცვა დააქვეითოს. კვლევებმა აჩვენა, რომ იმუნური სისტემის ფუნქციები ქვეითდება სპორტსმენებში, რომლებიც ხანგრძლივად, მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს ასრულებენ.
4. სტრესის მართვა. შეუძლია თუ არა ფსიქოლოგიურ ფაქტორებს როგორიც არის სტრესი დააზიანოს იმუნური სისტემა? დადგენილია, რომ სტრესი ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს აქვეითებს. სხვადასხვა ხარისხის სტრესი გარდუვალია, ამიტომ მშობლებო, თვალყური ადევნეთ თქვენი შვილების სტრესის ნიშნებს და ეცადეთ, მართოთ თქვენი და თქვენი შვილების სტრესი.
5. მიაჩვიეთ ბავშვი სწორ ჰიგიენას. ხშირად ასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე, გაანიავეთ და სველი წესით დაალაგეთ ბავშვის საწოლი ოთახი, მიაჩვიეთ ბავშვი ხელების დაბანას. ასეთ შემთხვევაში თქვენ დაიცავთ თქვენს შვილს პათოგენებისაგან.
6. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, რომელიც აქვეითებს იმუნური სისტემის ფუნქციას. სასურველია, ოჯახის წევრები მისდევდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვის თანდასწრებით ნუ მოსწევთ სიგარეტს. გყავთ სახლში მწეველი? ამჯობინებთ თქვენ და თქვენი შვილები სახლში ყოფნას, ვიდრე გარეთ თამაშს ან ვარჯიშს? თქვენი ოჯახის საკვები შედგება მაღალი ცხიმიანობის შემცველი პროდუქტებისგან, ვიდრე ახალი ხილის და ბოსტნეულისგან? არ ძინავს თქვენს ოჯახს საკმარისად? მავნე ჩვევებს შეუძლია შეასუსტოს მოზრდილების და ბავშვების იმუნური სისტემის ფუნქცია, გახადოს თქვენი ოჯახი დაუცველი გაციების, გრიპის და სხვა ინფექციების და დაავადებების მიმართ.
7. ვიცინოთ ერთად. კვლევებმა აჩვენა რომ სიცილს შეუძლია გააძლიეროს იმუნური სისტემის ფუნქცია, გაზარდოს ანტისხეულ–წარმომქმნელი უჯრედებისა და T ჰელპერი უჯრედების ეფექტურობა. სიცილს ასევე შეუძლია შეამციროს სტრესული ჰორმონების დონე და გაზარდოს „სიამოვნების ჰორმონის“ – ენდორფინის დონე სისხლში.
კომენტარები