ალბათ ყველას გახსოვთ ბავშვობაში ნასწავლი იგავი: მამა სთხოვს შვილს, რვეულში ჩაიწეროს წელიწადის დროებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მერე კი ეკითხება, რომელი დრო ურჩევნია და ბიჭს უჭირს ერთის გამორჩევა, რადგან ოთხივე ერთნაირად ეძვირფასება.
მართლაც, წელიწადის ყოველ დროს თავისი ღირსება აქვს და თავისი განწყობა ახლავს. ზაფხული მზესა და სითბოსთან ასოცირდება, ზამთარი – თოვლსა და გრძელ ღამეებთან, გაზაფხულს ბუნების გაღვიძება გვამცნობს, შემოდგომა კი ფერადი, ნაყოფიერი, გრილი და… სევდიანია.
შემოდგომის სევდას არაერთი მიზეზი აქვს: შვებულების დასრულება, კვლავ ყოველდღიურ რუტინაში ჩაბმა, ცრიატი, წვიმიანი დღეები… ამიტომ შემოდგომა ბევრს არ უყვარს. თუ თქვენც ერთი მათგანი ბრძანდებით, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები – ვინ იცის, განწყობაც შეგეცვალოთ და დამოკიდებულებაც.
წვიმის აკომპანემენტი
შემოდგომის წვიმიან დღეებს ძალიან უხდება თბილი ჩაი და კითხვა. ეს საუკეთესო დროა დიდი ხნის წინ სამომავლოდ გადადებული წიგნების საკითხავად. ჭრელი პლედი, წვიმის აკომპანემენტი, სურნელოვანი ჩაი და საინტერესო წიგნი საქმიანი და დამღლელი დღის მშვენიერი დასასრული იქნება.
სამოსი განწყობისთვის
ოქტომბერი დემისეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამომზეურების დროცაა. გადმოალაგეთ გარდერობი, “გამოაღვიძეთ” თითქმის უკვე მივიწყებული თხელი პალტოები და დახურული ფეხსაცმელები და უახლოეს სკვერში “გაასეირნეთ”. კიდევ უფრო გაგახალისებთ ახალი, მხიარული ფერის აქსესუარები: ქუდი, ხელთათმანები, შარფი, ქოლგა…
უკან, ბავშვობაში
მართალია, ბუნება მუდამ მშვენიერია, მაგრამ შემოდგომის ფერებად მოელვარე ტყეებს მაინც ვერაფერი შეედრება. გამონახეთ დრო და გაისეირნეთ ქალაქგარეთ, მოაწყვეთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, თან გაიყოლეთ ბურთი, ფრისბი, ბადმინტონი ან უბრალოდ იარეთ შრაშუნა ფოთლების ხალიჩაზე, სანამ გვიანი შემოდგომა მათ ტალახიან მასად აქცევდეს, მოუსმინეთ და მიბაძეთ ჩიტების ჭიკჭიკს, ჩაუშვით ფოთლების “ნავები” რუებსა და ნაკადულებში, ითამაშეთ დამალობანა, დაჭერობანა, წრეში ბურთი, ერთი სიტყვით, ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდით, რათა მთელი კვირის სამყოფი ენერგიით დაიმუხტოთ.
კომენტარები