1978 წელს ყველასთვის მოულოდნელად, უბრალო საბჭოთა მოქალაქის სერგეი კაუზოვისა და მულტიმილიარდერი არისტოტელ ონასის ქალიშვილის „საუკუნის ქორწილი“ შედგა. მაშისნ ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ნადვილი სიყვარული იყო, სხვები კი საბჭოთა უშიშროების პროექტად მიიჩნევდნენ.
ქრისტინა ონასისი ბერძენი მილიარდერის არისტოტელ ონასისისა და ათენა ლივანოსის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ, მას მემკვიდრეობით უზარმაზარი ქონება გადაეცა – ფულადი კაპიტალი, მსხვილი კომპანიების აქციები და მსოფლიოში უდიდესი კერძო ფლოტი.
მზითვებთან ერთად, უცოლო მამაკაცებში ქრისტინას პოპულარობა წარმოუდგენლად გაიზარდა. 25 წლის ასაკში გოგონამ სიყვარულში იმედგაცრუება და ორი წარუმატებელი ქორწინება მოასწრო.
1976 წელს ონასისის იმპერიის ახალი მფლობელი მოსკოვში გაემგზავრა, რათა საბჭოთა საზღვაო ფლოტთან ონასისების საზღვაო კომპანიის Olympic Maritime ხელშეკრულება გაეგრძელებინა. საქმიანი შეხვედრების დროს ქრისტინა ონასისმა სერგეი კაუზოვი დაინახა. ეს იყო განათლებული, ქარიზმატული ახალგაზრდა კაცი, რომელიც რამდენიმე უცხო ენაზე საუბრობდა.
მოგვიანებით, კრისტინამ მეგობრებს უამბო, რომ კაუზოვი რამდენიმე აკრძალული ხილის გასინჯვის ცდუნების გამო მოეწონა – მამაკაცი იყო რუსი, კომუნისტი და უფრო მეტიც, კგბ-ს აგენტი… და ქრისტინამ ცდუნებას ვერ გაუძლო.
„ყურებამდე შეყვარებულ“ ქრისტინას კაუზოვმა სალვადორ დალის შემოქმედებაზე საუბრით საბოლოოდ თავბრუ დაახვია. სამშობლოში დაბრუნებამდე მილიარდერმა ქალმა მამაკაცს ავტომობილი „ვოლგა“ და საკუთარი ფოტოსურათი აჩუქა, რომელზეც სენტიმენტალური ხელმოწერა დატოვა:
„ძვირფას სერჟს, არასტანდარტული აზროვნების ერუდიტს, იმედით, რომ ერთ თვეში პარიზში შევხვდებით და ურთიერთობებს სხვა დონეზე გადავიყვანთ. შენი ქრისტინა ”.
გარკვეული დროის შემდეგ სერგეი კაუზოვი პარიზის „სოვფრახტის“ განყოფილების უფროსად დაინიშნა. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს ქრისტინას ჩარევის გარეშე არ მომხდარა. გოგონამ ღიად განაცხადა, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებას მხოლოდ სერგეის თანდასწრებით ჩაატარებდა და მასთან შეკამათება არავის უცდია.
ყველაფერი ქრისტინას გეგმის მიხედვით მოხდა. კაუზოვი მომავალ მეუღლესთან შესახვედრად პარიზში ჩავიდა. მას თან ახლდნენ ცოლი ნატალია და 9 წლის ქალიშვილი კატია, მაგრამ ამას ქალბატონი ონასისისთვის ხელი არ შეუშალა. სერგეი ათწლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ ცოლს გაშორდა, ქრისტინა ონასისმა კი მის ქალიშვილს სრულწლოვანებამდე ღირსეული შემწეობა დაუნიშნა.
სერგეისა და ქრისტინას რომანი ძალიან სწრაფად განვითარდა. წყვილმა სულ უფრო ხშირად დაიწყო საზოგადოებაში გამოჩენა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. საბჭოთა უშიშროებამ სერგეის ყოველი ნაბიჯის შესახებ იცოდა და მოდური ტანსაცმლისთვის ფულსაც კი უგზავნიდა.
შეყვარებულებს ჟურნალისტები კვალდაკვალ დაჰყვებოდნენ. ამ ქორწინების ყველას ეშინოდა, რადგან თუ ონასისი ოჯახის იმპერიის სადავეებს კაუზოვს გადასცემდა, მსოფლიო ეკონომიკის შედეგები არაპროგნოზირებადი გახდებოდა. მსოფლიო ელიტა წუხდა იმის გამოც, რომ საბჭოთა უშიშროებასთან დაკავშირებული ადამიანი ნატოს გეგმებს ონასისის ფლოტის სტრატეგიული გამოყენების შესახებ ჩაშლიდა. გოგონას ოჯახიც ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო, ყველა თავად ქრისტინას გარდა..
გოგონა ქორწილის კუნძულ სკორპიოსზე გადახდას გეგმავდა, რომელიც მის ოჯახს ეკუთვნის, თუმცა საბჭოთა მთავრობამ მის იმედებს ცივი წყალი გადაასხა. კაუზოვს პარიზული მაქინაციები „ამოუქექეს“ და ციხეში გაგზავნით დაემუქრნენ. სერგეის გადარჩენა მხოლოდ ქრისტინას შეეძლო, თუ ქორწინების შემდეგ მასთან ერთად, მოსკოვში საცხოვრებლად გადავიდოდა და… გოგონამ ეს გააკეთა.
1978 წლის აგვისტოში წყვილმა ხელი მოაწერა. საქორწილო ცერემონია მოსკოვში შედგა. 300-ზე მეტი ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან შენობის გარშემო შეიკრიბა, მაგრამ ცერემონიალის გასაშუქებლად არცერთი მათგანი არ შეუშვეს.
ცერემონიალი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ქრისტინა და სერგეი „ვოლგაში“ ჩასხდნენ და ტერიტორია დატოვეს.
იმ დროს მოარული ჭორების თანახმად, ამ ქორწინებაზე ნებართვა თავად გენერალურმა მდივანმა, ლეონიდ ბრეჟნევმა გასცა და სწორედ მან მოითხოვა, რომ წყვილს სსრკ-ში ეცხოვრა.
მულტიმილიარდერი ონასისი საცხოვრებლად მოსფილმოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სერგეის დედის ოროთახიან ბინაში გადავიდა. გოგონამ, რომელსაც მანამდე „უბრალო ცხოვრება სურდა“, ასეთი ცხოვრების ნაკლი სწრაფად იგრძნო. მოგვიანებით, ქრისტინამ აღიარა, რომ მოსკოვში ძალიან ვიწროდ ცხოვრობდა და ყველაზე მეტად აღიზიანებდა, რომ დილით, ტუალეტში შესასვლელად, რიგში დგომა უწევდა.
ცოლქმრული ცხოვრების უკვე მესამე დღეს ქრისტინამ ახალ სახლში გადასვლა დაჟინებით მოითხოვა და საბჭოთა უშიშროებამ ახალდაქორწინებულებს ბეზბოჟინის შესახვევში ერთდროულად ორი ბინა გამოუყო.
საოჯახო საქმეებმა გოგონას ხშირად მგზავრობას აიძულებდა. ამ პერიოდის განმავლობაში სერგეი მოსკოვში რჩებოდა, რაც კრისტინას საშინლად აღიზიანებდა. ქრისტინა საბჭოთა ხელისუფლებას დაემუქრა, რომ გაწყვეტდა სსრკ-სთან ყველა კონტრაქტს, თუ მის მეუღლეს საზღვარგარეთ არ გაუშვებდნენ. საბოლოოდ, მთავრობა დათმობაზე წავიდა, თუმცა ონასისს „მადლობის ნიშნად“ საბჭოთა კავშირის მშვიდობის ფონდისთვის 500 ათასი დოლარის გამოყოფა მოუწია. იგივე თანხა ქრისტინამ საბერძნეთის კომუნისტური პარტიისთვისაც გადარიცხა.
ქორწინების პირველი თვეების განმავლობაში ქრისტინა და სერგეი ნამდვილად ბედნიერები ჩანდნენ. ისინი მუდმივად თეატრებსა და გამოფენებზე დადიოდნენ და ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, ფუფუნებასა და სიმდიდრეს მიჩვეულ გოგონას წვეულებები და ელიტური მიღებები მოენატრა.
რატომ ფიქრობდნენ, რომ ქრისტინასა და სერგეის ქორწინება КГБ -სპროექტი იყო?
ამის შესახებ მოგვიანებით, ამერიკაში მცხოვრებმა გენერალ-მაიორმა ოლეგ კალუგინმა ისაუბრა. მისი თქმით, სერგეი კაუზოვის საფრანგეთში მოგზაურობა კინაღამ საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა. ქრისტინამ სერგეის მაშინვე მიახვედრა, რა უნდა გაეკეთებინა საბჭოთა საზღვაო სამინისტროსა და Olympic Maritime შორის პარტნიორობის გასაგრძელებლად.
რაღაც პერიოდის შემდეგ პრესაში გამოჩნდა კარიბის ზღვაზე მყოფი საბჭოთა ჩინოვნიკისა და ბერძენი მილიარდერის ფოტოსურათი, რის შემდეგ კაუზოვს სასწრაფოდ მოსკოვში დაბრუნება უბრძანეს, სადაც მისი მომავალი წყდებოდა.
”მე ქრისტინას და სერგეის მომავალი ცხოვრება დავლოცე და მათი მფარველი ვიყავი! სერგეი არასდროს მუშაობდა კგბ-ში. ის ქრისტინას ბიზნესმოლაპარაკებების დროს შეხვდა, – ამბობს გენერალ-მაიორი კალუგინი – მოგვიანებით, მათი ფოტოები პრესაში გამოჩნდა, რაც შეთანხმების დარღვევა იყო. КГБ -ს ხელმძღვანელი იური ანდროპოვი საშინლად გაბრაზდა და კაუზოვის ციხეში ჩასმით დაემუქრა. მე დავიცავი და ანდროპოვს ვუთხარი: ”თუ მას ციხეში ჩავსვამთ, საერთაშორისო სკანდალი მოხდება, მაგრამ თუ ისინი იქორწინებენ და შვილი ეყოლებათ, საბჭოთა კავშირის მოქალაქე ონასისის იმპერიის მემკვიდრე გახდება. ამის შემდეგ, 1978 წელს ქორწილი გაიმართა. КГБ-მ ოპერაციას „ოლიმპია“ დაარქვა”.
ცხადია, რომ საბჭოთა უშიშროებამ გადაჭარბებულად შეაფასა ქრისტინას გრძნობები სერგეის მიმართ და ახალი ცხოვრების პირობების ამტანობა.
ქრისტინა და სერგეი ქორწინებიდან 17 თვის შემდეგ დაშორდნენ. განქორწინების ოფიციალური მიზეზების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, მაგრამ ამბობდნენ, რომ საბჭოთა ქმარს ბერძენი მილიარდერი მოსწყინდა.
ონასისმა კაუზოვს, კომპენსაციის სახით, რამდენიმე ტანკერი და ინგლისში უძრავი ქონება გადასცა. სწორედ ინგლისის სახლში გადავიდა სერგეი საცხოვრებლად, ახალი ცოლი მოიყვანა და წარმატებული ბიზნესი ააწყო. მალე ქრისტინაც დაქორწინდა, ამჯერად, ფრანგ ბიზნესმენ ტიერი რუსელზე.
წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ათენა დაარქვეს. 1988 წელს კი ონასისის 38 წლის ქალიშვილი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა – ის ბუენოს-აირესში სასტუმროს ნომრის სააბაზანოში ნარკოტიკების ზედოზირებით მკვდარი იპოვეს. ამის შემდეგ არისტოტელე ონასისის მემკვიდრეობა ათენას ხელში გადავიდა.
კომენტარები