იაპონიაში ყოველდღე სხვადასხვა ინტენსივობის ათობით მიწისძვრა ფიქსირდება! ამასთან, ტოკიო და სხვა დიდი იაპონური ქალაქები ცათამბჯენების რაოდენობით მსოფლიოს მეგაპოლისებისგან დიდად არ განსხვავდებინ. როგორ ახერხებენ იაპონელები სეისმოგამძლე შენობების აგებას, რომლებიც ისეთი სიმძლავრის მიწისძვრას უძლებენ, რომლებიც სხვა შენობებს მიწასთან ასწორებს?
დავიწყოთ იმით, რომ შენობა ითვლება სეისმოგამძლედ, თუ მას შეუძლია რიხტერის სკალით 9-ბალიან მიწისძვრას გაუძლოს.
უძველესი სეისმოგამძლე შენობები
მიწისძვრისადმი მდგრადი სახლები პირველად ძველმა ინკებმა ააშენეს. ეს ინდიელი ტომები მშენებლობის დროს კედლის „მშრალი წყობის“ მეთოდს იყენებდნენ. ეს მეთოდი სამშენებლო ქვების თუ აგურების ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაწყობას და დუღაბის გარეშე შეერთებას ითვალისწინებს. მიწისძვრის დროს ქვები ერთ ადგილზე მოძრაობდნენ, თითქოს ცეკვავდნენ, მაგრამ კონსტრუქცია არ ინგრეოდა.
ცათამბჯენები იაპონიაში
რაც შეეხება იაპონელებს, ისინი მშენებლობაში სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რომლებიც მუდმივად იხვეწება.
იაპონიაში ცათამბჯენი არა მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციებისთვის გაღებული ხარკია, არამედ იძულებითი აუცილებლობაც. ქვეყანაში, სადაც 120 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მშენებლობისთვის ვარგისი ტერიტორიების მწვავე უკმარისობაა, ცათამბჯენები უბრალოდ შეუცვლელია.
ქვეყანაში ბევრი შენობაა, რომლის სიმაღლე 100-200 მეტრს აღემატება, ტოკიოს 634-მეტრიანი სატელევიზიო კოშკი კი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობაა, მაგრამ იაპონიის არქიპელაგის მაღალი სეისმურობა ყველას საკუთარ წესებს კარნახობს: იაპონელი ინჟინრები იძულებულნი არიან მაღალსართულიანი მშენებლობის ტექნოლოგია მუდმივად გააუმჯობესონ.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 2011 წლის მარტში მოხდა, მაგრამ მიწისძვრისადმი მდგრადი ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული ცათამბჯენები არ დაზიანებულა.
ვიდეოკამერებზე მათი რხევაა აღბეჭდილი, რასაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია 👇
იაპონელების მიერ შექმნილი სეისმური ამორტიზატორები და სხვა ინოვაციები
თუ რამდენიმე ათეული წლის წინ იაპონიაში შენობების მდგრადობას მზიდი კონსტრუქციების გაძლიერებით აღწევდნენ, ახალი შენობები ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებით შენდება.
ძირითადი კონტრუქციების გარდა, დიდი ყურადღება ეთმობა ფანჯრებსაც. მინის სიმყიფის გამო, იაპონიაში შემუშავდა სტანდარტი, რომელიც შენობაში მინის ფართობს ზღუდავს. ამასთან, თანამედროვე მინებში სპეციალური ფოლადის ძაფია ჩაქსოვილი, რომელიც მინის გატეხის შემთხვევაში დიდი ფრაგმენტების წარმოქმნას ხელს უშლის.
ტოკიოში 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას სეისმური ამორტიზატორები და დემპერები გამოიყენეს, რომლებიც მიწისძვრის დროს წარმოქმნილი ვიბრაციების შესასუსტებლად შეიქმნა.
იაპონელი მშენებლები მასალის სიმტკიცეს დიდ ყურადღებას აქცევენ. ამ ქვეყანაში ყველაზე გავრცელებულია ე.წ. „ბოჭკოვანი რკინაბეტონი“, რომელიც ჩვეულებრივ რკინაბეტონზე ათჯერ უფრო მტკიცეა. ფართოდ გამოიყენება ბიტუმის ემულსია, რომელიც კონსტრუქციებს უფრო გამძლეს ხდის.
სეისმომედეგობა კანონის მიხედვით
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში შენობების სეისმომედეგობას კანონი ითვალისწინებს და ყველა სამშენებლო კომპანია ვალდებულია ეს მოთხოვნა გაითვალისწინოს.
ქვეყანაში სეისმომედეგობის პრობლემაზე უამრავი სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს. ახალ სამშენებლო ტექნოლოგიებს მკაცრი ტესტირება უტარდებათ, რომლის დროსაც შენობების მაკეტების სიმტკიცეს საავარიო ტესტებით ამოწმებენ.
ცათმბჯენების გარდა, ტესტირებები კერძო ორსართულიან სახლებს, სკოლის და საბავშვო ბაღების შენობებსაც უტარდებათ.
ტესტების შედეგების საფუძველზე ქვეყანაში სამშენებლო ნორმები და ურბანული განვითარების სტანდარტები პერიოდულად ახლდება და მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას ჯერჯერობით მიწისძვრის პროგნოზირება არ შეუძლია, მათ ნამდვილად ისწავლეს, როგორ აეშენებინათ მდგრადი მაღალსართულიანი შენობები.
კომენტარები