ოდესმე თუ გიფიქრიათ, რატომ არის ლიფტებში დამონტაჟებული სარკეები? იქნებ იმისთვის, რომ ვარცხნილობა ან ტანსაცმელი შევისწოროთ? სინამდვილეში, ლიფტებში დამონტაჟებულ სარკეებს უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომელიც ჩვენს კომფორტს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება.
როდის გაჩნდა სარკე ლიფტში?
ლიფტების ფართო გამოყენება მე-19 საუკუნეში დაიწყო, თუმცა მაშინ მოძრავ კაბინებში სარკეების დადგმაზე არავინ ფიქრობდა.
იმ დროს ლიფტით გადაადგილება საკმაოდ უსიამოვნო იყო – შეზღუდული სივრცისა და მაღალი ვერტიკალური სიჩქარის გამო ადამიანები ხშირად დისკომფორტს გრძნობდნენ. ლიფტით მგზავრობის დროს ზოგ მგზავრს კლაუსტროფობია – დახურული სივრცის შიში განუვითარდა. ხალხი ჩიოდა, რომ ლიფტები ძალიან სწრაფად მოძრაობდა და თავს უხერხულად გრძნობდნენ.
მალე ინჟინრებმა და დიზაინერებმა სტრესისა და შფოთვის შემცირების გზების ძიება დაიწყეს და ლიფტებში სარკეების დამონტაჟება გადაწყვიტეს. ისინი არა მარტო დიზაინის ელემენტებად, არამედ სტრესის განმუხტვის ინსტრუმენტებადაც იქცა.
სარკე აძლიერებს უსაფრთხოებას
პირველ რიგში, სარკე ლიფტში იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს. ლიფტში შესვლისას ადამიანს ყურადღება სარკეზე გადააქვს. ის მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ყველაფერს ხედავს, რაც მის გარშემო ხდება. ეს მეორე ადამიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
სარკე ამცირებს შფოთვას
სარკე ლიფტში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. იმის ნაცვლად, რომ ლიფტის სწრაფად მოძრაობაზე იფიქროს, მგზავრს ყურადღება საკუთარ ანარეკლზე გადააქვს ან სხვებს აკვირდება. ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური გამოსავალია – სარკეში ჩახედვისას შეგიძლიათ თმა შეისწოროთ და უსიამოვნო ფიქრები დაივიწყოთ.
სარკეები სივრცეს აფართოებს
ლიფტში სარკე სივრცის ილუზიას ქმნის, რაც ადამიანს კლაუსტროფობიასთან გამკლავებაში ეხმარება. როდესაც მგზავრი სარკეში საკუთარ და ლიფტის კედლების ანარეკლს ხედავს, ლიფტი გაცილებით დიდი ეჩვენება. სივრცის ვიზუალური გაფართოება დაძაბულობას ხსნის და თავს ნაკლებად ჩაკეტილ სივრცეში გაგრძნობინებთ.
სარკე ამაღლებს თვითშეფასებას
ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ, მაგრამ სარკე თვითშეფასებას გვიმაღლებს. თმისა და ტანსაცმლის შესწორება და იმის დანახვა, რომ კარგად გამოვიყურებით, თავდაჯერებას გვმატებს, რაც მნიშვნელოვანი შეხვედრის ან მოვლენის წინ განსაკუთრებით გვჭირდება.
კომენტარები