რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო განუხრელად ემხრობოდა და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მიღწევისაკენ – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო გამოთქვამდა და გამოთქვამს მზაობას, ხელი შეუწყოს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის ინტერესშია.
„2023 წლის 26-27 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები რჩებიან საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორებად, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას აკავშირებს რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტები. სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ ფორმატად, რომლის ფარგლებშიც საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები სხვადასხვა უწყებას შორის“, – ნათქვამია დოკუმენტში.
კომენტარები