ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეტექტივების და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხშირი გამოცემების ავტორად არის აღიარებული, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ 66 დეტექტიური რომანისა და 150 მოთხრობის ავტორს შხამებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. აგათა კრისტის დეტექტიურ რომანებში 83 მკვლელობა სწორედ მოწამვლის გზით განხორციელდა!
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა აგათას მამა გარდაეცვალა და ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა. დედა იძულებული გახდა უმცროსი ქალიშვილის სამუშაოდ გაეშვა. გოგონა წინააღმდეგი არ იყო – რატომაც არა? ფარმაცევტობა „სუფთა პროფესიაა“, თან ოჯახს დაეხმარება.
ფოტოზე: ფარმაცევტი აგათა მილერი
აგათა მილერი უბრალო გოგონაა, რომელმაც ფარმაცევტის პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა და აფთიაქი მისთვის მეორე სახლად იქცა. მან 25 წლამდე გათხოვება ვერ მოახერხა. გარეთ 1915 წელია, მსოფლიოში ომი მძვინვარებს და ქალაქში კაცები პრაქტიკულად აღარ არიან. ვინც დარჩა, თავს ულამაზესი გოგოები ეხვევიან, ის კი სილამაზითაც არ გამოირჩევა.. აგათა დილიდან საღამომდე მუშაობდა და ფარმაკოლოგიაში გამოცდისთვის ემზადებოდა.
აგათას შხამების შიში ყველგან თან სდევდა!
დოქტორი, რომელიც კვირაობით ლექციებს უკითხავდა, ჯიბით მუდმივად კურარეს შხამს ატარებდა.
„ეს ძალიან საინტერესო შხამია. თუ პირში მოხვდა, არანაირ ზიანს არ მოგაყენებს, მაგრამ როგორც კი სისხლში შეაღწევს, მყისიერი დამბლა და სიკვდილი მოჰყვება. იცით, ჯიბეში რატომ ვატარებ? ალბათ იმიტომ, რომ ძალაუფლების განცდა მოაქვს“- როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, დოქტორი ბედნიერებისგან ასხივებდა და აგათას ის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ადამიანად ეჩვენებოდა.
ფარმაცევტის, ერთი შეხედვით, მოსაწყენი პროფესია, საშინლად სახიფათო საქმე აღმოჩნდა. აგათას ყველაზე მეტად ვინმეს შემთხვევით მოწამვლის ეშინოდა და ერთ დღეს, კინაღამ, ასეც მოხდა..
სტუდენტები ანალური სანთლების დამზადებას სწავლობდნენ. რა თქმა უნდა, კარგად აღზრდილი გოგოები ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ ერთხელ აგათამ შენიშნა, რომ მასწავლებელმა დოზირების სწავლების დროს შეცდომა დაუშვა და მძიმე არასწორ ადგილზე დასვა. შედეგად, არა გრამის მეასედი, არამედ მეათედი გამოვიდა.
„დიახ, მას გამოთვლა შეეშალა. რა უნდა გააკეთოს ამ დროს დამწყებმა ფარმაცევტმა, თუ გამოცდილსაც ეშლება? მე შეცდომაზე მითითების უფლება არ მქონდა, რადგან ჩემი მასწავლებელი ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც შეცდომას არასდროს უშვებს, განსაკუთრებით – სტუდენტების წინაშე. როდესაც ოთახიდან გავდიოდი, მასწავლებელმა მითხრა – სანთლები რომ გაცივდება, შეფუთე და კარადაში დაალაგე, გამოდგება. ვერ შევძელი სანთლების კარადაში შენახვა, რადგან ისინი საფრთხეს წარმოადგენდა… სასწრაფოდ რაღაც უნდა მომეფიქრებინა და მოვიფიქრე კიდეც. სანთლები კარადისკენ მიმქონდა, როცა „ფეხი ამიცურდა“, წავიქეცი და სანთლები ფეხით გავთელე. ოჰ, რა სამწუხაროა, მგონი, ერთი გადარჩა- თქვა ჩემმა მასწავლებელმა. ყველა ჭუჭყიანია, – ვუთხარი მტკიცედ, სანთლები ურნაში ჩავყარე და პატიება ვთხოვე,“ – იხსენებდა მოგვიანებით აგათა.
მომავალმა მწერალმა ფარმაკოლოგიაში გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა, მაგრამ შხამების გამო შიში მაინც ჰქონდა. მალე ახალი შემთხვევაც მოხდა.
ფოტოზე: აგათა მილერი ახალგაზრდობაში
„ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს მალამოებს ვამზადებდი. ქილის თავსახურში ცოტაოდენი ფენოლი ჩავასხი, შემდეგ ძალიან ფრთხილად დავითვალე წვეთები და მარმარილოს მაგიდაზე ყველაფერი ერთმანეთში ავურიე. როგორც კი მალამო გავამზადე, ქილაში გადავიტანე, ეტიკეტი დავაკარი და სხვა მალამოს მომზადება დავიწყე.
შუაღამისას ცივმა ოფლმა გამაღვიძა – ვერ გავიხსენე, რა გავაკეთე იმ თავსახურით, რომელშიც ფენოლი მქონდა ჩასხმული. სხვა მალამოს ხომ არ დავახურე? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სწორედ ეს გავაკეთე. ცხადია, თითოეული ქილა თაროზე დავდე და დილას კურიერი დანიშნულების ადგილამდე მიიტანს. ერთ-ერთს კი თავზე შხამიანი სახურავი ახურავს! ამაზე ფიქრს ვეღარ გავუძელი, ავდექი, ჩავიცვი და საავადმყოფოში წავედი,“ – წერდა აგათა.
სამუშაო ადგილზე მისვლისას გოგონამ, ყოველი შემთხვევისთვის, წინა დღეს მომზადებულ ყველა ქილას სახურავი შეუცვალა და საბოლოოდ რომ დამშვიდებულიყო, ყველა მალამოს ზედა ფენა ფრთხილად მოაცილა.
შხამები აგათას დეტექტივებში
მალე შემთხვევით ვინმეს მოწამვლის შიში აკვიატებად იქცა და გოგონამ გადაწყვიტა, საკუთარი შიში რეალური ქმედებით განეკურნა ანუ მართლა მოეწამლა, ოღონდ არა სინამდვილეში, არამედ დეტექტიურ რომანში. თანაც წიგნებში დეტალურად აღწერს სხვადასხვა შხამით მოწამვლის სიმპტომებს და ამით, გარკვეულწილად, მკითხველის ინფორმირება სურდა. იმასაც ამბობენ, აგათა კრისტის დეტექტივებიდან მიღებულმა ინფორმაციამ რამდენიმე ადამიანის სიკვდილს გადაარჩინაო.
აგათამ წიგნის წერა დაიწყო, მაგრამ მალე ყურადღება უფრო სასიამოვნო თემებმა გაუფანტა. აგათა 1914 წელს, 24 წლის ასაკში გათხოვდა და ქალბატონი კრისტი გახდა.
ფოტოზე: მისის კრისტი
რა მოხდა ამის შემდეგ ყველამ იცის – აგათა კრისტი დეტექტივების დედოფლად იქცა.
შხამი კი მკვლელობის იარაღი გახდა მის პირველივე რომანში – „იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში“ (The Mysterious Affair at Styles), სადაც დეტექტივი ერკიულ პუაროა. წიგნი 1916 წელს დაიწერა და 1924 წელს გამოქვეყნდა.
აქედან მოყოლებული, აგათა კრისტის ნაწარმოებები ასი წლის შემდეგაც ბესტსელერთა სიაშია. კრისტის მოთხრობების ტირაჟი მხოლოდ „ბიბლიას“ და შექსპირის ნაწარმოებებს ჩამოუვარდება.
კომენტარები