ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ ჰქვია საბავშვო ბაღს ბაღი და არა მაგალითად, საბავშვო სკოლა ან სხვა რამ? მით უმეტეს, რომ საბავშვო ბაღი სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ამის გასაგებად, მოკლე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ.
საბავშვო ბაღების ისტორია
ძველ დროშიც არსებობდა ადგილი, სადაც მდიდარ მშობლებს შეეძლოთ შვილები გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაეტოვებინათ.
ღარიბ ოჯახებში საქმე გაცილებით რთულად იყო და ბავშვებს ხუთი წლის ასაკიდან მუშაობა უწევდათ.
ვითარება მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში შეიცვალა.
პირველი ადამიანი, ვინც სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას ყურადღება მიაქცია, ინგლისელი ფილოსოფოსი და განმანათლებელი რობერტ ოუენი იყო.
შოტლანდიაში, სადაც ბავშვების მუშაობა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, ოუენმა 1802 წელს პირველი საბავშვო სკოლა გახსნა.
მან თითქმის შეუძლებელი შეძლო – 10 წლამდე ბავშვების მუშაობა აკრძალა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა 16 საათიდან 10 საათსა და 45 წუთამდე შეამცირა.
ოუენმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ კარგად გამოძინებული და განათლებული მუშა წარმოებისთვის უფრო სასარგებლოა.
ოუენმა თავის ქარხნის მუშებისთვის საგანმანათლებლო საათები დააწესა, რომლებიც ზოგადი და პროფესიული განვითარების გაკეთილებს და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ ლექციებს ეთმობოდა.
ექსპერიმენტი ოუენის ქარხნიდან მთელ ევროპაში გავრცელდა. შედეგი საოცარი იყო – მიუხედავად იმისა, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ მუშაობდნენ და წარმოებაში ნაკლები მუშა დარჩა, საწარმოს პროდუქტიულობა გაიზარდა და მანამდე არნახულ კომერციულ წარმატებას მიაღწია.
პირველი საბავშვო ბაღი და მისი სახელი
ასეთმა შედეგებმა ევროპის წამყვანი მეცნიერების ყურადღება მიიქცია. ახალ იდეას ბევრი მომხრე ჰყავდა, თუმცა – მოწინააღმდეგე უფრო მეტი იყო.
უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ცნობილმა გერმანელმა მასწავლებელმა ფრიდრიხ ფრობელმა 1840 წელს პირველი სკოლამდელი დაწესებულების გახსნა მოახერხა.
ფრობელმა თავის დაწესებულებას Kindergarten დაარქვა, რაც საბავშვო ბაღს ნიშნავს.
ფრობელი ცდილობდა ადამიანები დაერწმუნებინა, რომ ბავშვებს ზრუნვა და ფერება ისევე სჭირდებათ, როგორც მცენარეებს. რომ ბავშვების განვითარების თვითდინებზე მიშვება არ შეიძლება. თუ ვარდის ბუჩქს ან ვაშლის ხეს არ მოვუვლით, ნაყოფს არ მოგვცემს. ადამიანს კი არა მხოლოდ მორწყვა და გამოკვება, არამედ გონებრივი საკვები სჭირდება, რომელსაც რაც უფრო ადრე მიაწვდი, მით უკეთესია.
ფრიდრიხ ფრობელმა თავისი იდეის დაცვა მოახერხა. მან სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უამრავი ტექნიკა და თამაში შეიმუშავა და მრავალი საინტერესო სათამაშო შექმნა. მას შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ბაღი ეწოდება.
კომენტარები