დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II ცნობილი იყო როგორც ტრადიციული, სამეფო ეტიკეტის მკაცრი დამცველი. სწორედ ეს ეტიკეტი უკრძალავდა დედოფალს მისთვის უსიამოვნო ადამიანების შესახებ უარყოფითი აზრის საჯაროდ გამოხატვას, თუმცა, სასახლის კედლებში ის მაინც ახერხებდა დახვეწილი მინიშნებებითა და გარკვეული რეაქციებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას.
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ელისაბედ მეორეს არ უყვარდა?
მიკ ჯაგერი
დიახ, ინგლისელი მუსიკოსი და ჯგუფ Rolling Stones-ის ვოკალისტი მიკ ჯაგერი დედოფალს არ მოსწონდა, მაგრამ სამეფო ეტიკეტს იცავდა და მის კრიტიკას გაურბოდა.
მუსიკოსის მიმართ დედოფლის დამოკიდებულება აშკარა გახდა, როდესაც ჯაგერით მოხიბლულმა პრინცესა მარგარეტმა კუნძულ მიუსტიკზე ვილა ააგოო და ხმაურიანი წვეულებების გამართვა ცხოვრების წესად აქცია.
დედოფალი მარგარეტის ქცევისა და როკ-მუსიკოსთან ურთიერთობის გამო შეშფოთებას ვერ მალავდა. ელისაბედ II ასევე აშინებდა მიკ ჯაგერისა და პრინცესა დიანას მეგობრული ურთიერთობა.
ერთხელ ჯაგერმა დედოფალს სასახლის “მთავარი კუდიანი” უწოდა, მაგრამ ელისაბედმა სკანდალის თავიდან ასაცილებლად, საჯაროდ არ უპასუხა. მუსიკოსის მიმართ დედოფლის დამოკიდებულება ყველაზე კარგად მაშინ გამოჩნდა, როდესაც მუხლების ტკივილი მოიმიზეზა, რათა მიკ ჯაგერის რაინდად კურთხევის ცერემონიას არ დასწრებოდა.
მარგარეტ ტეტჩერი
დედოფალ ელისაბედ II-სა და პრემიერ მინისტრ მარგარეტ ტეტჩერს შორის საკმაოდ რთული და დაძაბული ურთიერთობა იყო, თუმცა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ხშირი კამათის მიუხედავად, ორივე ქალი ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ინარჩუნებდა.
დედოფალი, რომელიც ზომიერი და დათმობის პოლიტიკის მომხრე იყო, ხშირად არ ეთანხმებოდა ტეტჩერის ხისტ მმართველობას.
სიტუაცია განსაკუთრებით 1986 წელს დაიძაბა, როდესაც ტეტჩერმა უარი თქვა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერაზე, რაც თანამეგობრობის სხვა წევრების პოზიციას ეწინააღმდეგებოდა. თანამეგობრობის მხარდამჭერი დედოფალი ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა და ტეტჩერის პოლიტიკას ბრიტანეთისა და თანამეგობრობისთვის საზიანო უწოდა.
რთული ურთიერთობის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც „რკინის ლედიმ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, დედოფალმა კეთილგანწყობის ნიშნად, ის რბოლებზე მიიწვია, თუმცა ტეტჩერმა მიწვევას უარით უპასუხა.
დონალდ ტრამპი
სხვა ამერიკელ ლიდერებისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპის ურთიერთობა ელისაბედ II-სთან იდეალური არ ყოფილა და დიდ ბრიტანეთში მისმა ვიზიტმა სამეფო პროტოკოლის რამდენიმე დარღვევით დაგვამახსოვრა თავი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპმა დედოფალთან შეხვედრაზე მისვლა დააგვიანა, შემდეგ კი პროტოკოლით გათვალისწინებული გასეირნების დროს დედოფალს წინ გაუსწრო, რაც სამეფო ეტიკეტის უხეშ დარღვევად ითვლება და ბრიტანეთის საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
დედოფლისგან განსხვავებით, ტრამპი ამ შეხვედრით კმაყოფილი იყო. დაკვირვებულმა ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ვიზიტის დროს დედოფალს პრეზიდენტ ობამას მიერ ნაჩუქარი გულსაბნევი ეკეთა. იმის გათვალისწინებით, რომ ელისაბედ II სამკაულებს საკუთარი გრძნობებისა და მოსაზრებების გამოსახატავად იყენებდა, ბევრმა ეს როგორც ფარული მინიშნება, ისე განმარტა.
ბორის ჯონსონი
2019 წელს ბუკინგემის სასახლეში პირველი ვიზიტის დროს ბორის ჯონსონმა სამეფო პროტოკოლი დაარღვია და დედოფალ ელისაბედ II-სთან საუბარი საჯაროდ განიხილა.
ჯონსონი, ბრექსიტის აქტიური მხარდამჭერი, ამ საკითხთან დაკავშირებით დედოფლის უკმაყოფილებას შეეჯახა. ელისაბედმა ფრთხილად და დიპლომატიურად მიანიშნა, რომ ბრექსიტი შეიძლება ქვეყნისთვის არახელსაყრელი იყოს. ჯონსონის მონარქიასთან ურთიერთობის კიდევ ერთი გამოწვევა იყო მისი მოთხოვნა ბრექსიტის პროცესის გასაადვილებლად პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ.
ელისაბედი, როგორც მონარქი, პოლიტიკაში ვერ ჩაერეოდა, ამიტომ იძულებული გახდა, პრემიერის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, თუმცა ამ შემთხვევამ, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებმა დედოფლისა და ჯონსონის ურთიერთობაზე გავლენა მოახდინა.
კომენტარები