თუ იაპონიაში ერთხელ მაინც ყოფილხართ, შენიშნავდით, რომ ამ ქვეყანაში მსუქანი ადამიანი დიდი იშვიათობაა. ჭარბი წონა იაპონელების მხოლოდ 3,5% აწუხებს, როდესაც აშშ-სა და ევროპაში მათი რაოდენობა 35% შეადგენს, რუსეთში კი 25%. როგორ მოახერხეს იაპონელებმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გამხდარ ერად ქცევა?
იაპონური სამზარეულოს განსაკუთრებულობა
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ იაპონელების სიგამხდრის მთავარი მიზეზი არა გენეტიკა, არამედ იაპონური კულინარიისა და კვების კულტურის თავისებურებებია.
ამომავალი მზის ქვეყნის მცხოვრებლები ძირითადად, ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ. იაპონური დესერტები ნაკლებად ტკბილია და ბრინჯის ბაზაზე მზადდება. იაპონიაში ნაყინსაც კი ბრინჯისგან ამზადებენ.
ამ ქვეყანაში შაქარს პრაქტიკულად, არასოდეს იყენებენ და დესერტებს ისეთი ნატურალური პროდუქტებით ატკბობენ, როგორიცაა ტკბილი ლობიო ან ბატატი.
იაპონელები ძალიან ცოტა ტკბილ გაზიან სასმელს მიირთმევენ და უპირატესობას ბუნებრივ მწვანე ჩაის ანიჭებენ.
იაპონიაში შაქრის საშუალო მოხმარება დღეში 52 გ-ს შეადგენს, რაც თითქმის სრულად შეესაბამება ჯანმოს რეკომენდაციებს (50 გრ-მდე), შედარებისთვის, ევროპაში ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია (107 გრ), ხოლო აშშ-ში სამჯერ (160 გრ).
იაპონურ სამზარეულოში ცოტაა შემწვარი და ცხიმიანი ხორცი. ამ ქვეყანაში, ძირითადად, მოხარშულ, გამომცხვარ და უმ პროდუქტებს მიირთმევენ. მოსახლეობა ბევრ თევზს, ზღვის პროდუქტებს, ბრინჯს და ბოსტნეულს მიირთმევს.
ჩხირებით ბევრს ვერ შეჭამთ
იაპონური კვების კულტურის მეორე უპირატესობა ჭამის მეთოდია – ჩხირებით ჭამა. ეროვნული ტრადიციები საკვების აუჩქარებელ და გააზრებულად მიღებას ითვალისწინებს.
ასევე, საკვებზე პურის დაყოლება აქ მიღებული არ არის.
იაპონელები ხშირად მიირთმევენ, მაგრამ მცირე ულუფებით.
იაპონელების ქუჩის საკვებიც კი საკმაოდ ზომიერი ოდენობის კალორიებს შეიცავს.
სუმოისტის სილამაზე
იაპონელები მსუქანი ადამიანების, განსაკუთრებით ქალების მიმართ ძალიან კრიტიკულები არიან. სიმსუქნის გამო შესაძლოა, მათ სამსახურში მიღებაზე უარიც კი უთხრან. კომპანიების უმეტესობა შესვენებაზე კოლექტიურ ვარჯიშებს ატარებს და თანამშრომლებისგან დღის განმავლობაში, სულ მცირე, რამდენიმე ვარჯიშის გაკეთებას მოითხოვს.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იაპონიაში უნიკალური კულტურული ფენომენი – ჭიდაობა სუმო არსებობს, სადაც სპორტსმენების წონა 200 კგ-დან იწყება.
პარადოქსია, მაგრამ სუმოისტები იაპონიაში სასურველ სასიძოებად ითვლებიან. იაპონელი ქალების თვალში ჭარბწონიანი მამაკაცები დიდსულოვნები, ალერსიანები და სანდოები არიან. სწორედ ასეთია ფენ-შუის თილისმა და კეთილდღეობის ღმერთი ჰოტეი – მსუქანი მამაკაცი, დიდი ღიპით.
კომენტარები