2023 წლის 16 იანვარს, იტალიური კინოს ლეგენდა ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა. მსახიობი 95 წლის იყო. მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობს საყოველთაო პოპულარობა 50-იან წლებში შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ფილმებში „ფანფან-ტიტა“, „სიყვარული და სიზმრები“, „პური, სიყვარული და ეჭვიანობა“, „კუზიანი ნოტრ-დამიდან“ და ა.შ. ჯინა ლოლობრიჯიდამ კაშკაშა და გამორჩეული სახეები შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდა, ჯინას ცნობილი დიზაინერების მიერ შეკერილი სამოსი არასოდეს სცმია.
პირველი ლამაზმანი
მსახიობს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა საშინელება, რომელიც ბავშვობაში, მეორე მსოფლიო ომის დროს განიცადა. ამ მოგონებებმა მსახიობის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინეს. ჯინა ყოველთვის ბევრს მუშაობდა.
სანამ მსახიობი გახდებოდა, ის ქუჩის მხატვრად მუშაობდა და დილიდან საღამომდე გამვლელებისთვის კარიკატურებს ხატავდა. დედა და ბებია მაინც უკმაყოფილოები იყვნენ – ისინი გოგონას მომავალს მონაზვნობაში ხედავდნენ, მაგრამ ჯინას სხვა მიზნები ჰქონდა. გოგონა ოპერის მომღერლობაზე ან მოქანდაკეობაზე ოცნებობდა, მაგრამ ბედმა აქაც სხვაგვარად ინება.
ჯინა რომის ხელოვნების აკადემიაში დრამის, ფერწერისა და ქანდაკების ხელოვნებას ეუფლებოდა, როდესაც ლამაზი გოგონა რეჟისორებმა შენიშნეს და სპეკტაკლებში მონაწილეობა შესთავაზეს.
ფინანსური პრობლემების გამო, ჯინა იძულებული იყო შეთავაზებებს დათანხმოებოდა, მაგრამ კინოში თამაშზე კატეგორიული უარი განაცხადა. რეჟისორები დანებებას არ აპირებდნენ, გაჯიუტებულ გოგონასთან სახლში მიდიოდნენ და დედამისის დაყოლიებას ცდილობდნენ. კინოში მონაწილეობისთვის ჯინას მისი ოჯახისთვის წარმოუდგენლად დიდ თანხას – 1000 ლირას სთავაზობდნენ. ერთხელ, აბეზარი რეჟისორები რომ თავიდან მოეცილებინა, ჯინამ სიცილით უპასუხა – “1000 ლირა? არასოდეს! ჩემი ჰონორარი მილიონია!” გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ამის შემდეგ რეჟისორები და პროდიუსერები უკვალოდ გაქრებოდნენ მისი ცხოვრებიდან, მაგრამ ისინი მაშინვე დათანხმდნენ!
ჯინას კინოდებიუტს კიდევ რამდენიმე ფილმი მოჰყვა და მსახიობი უზომოდ პოპულარული გახდა. რეჟისორები ჯინას აღმერთებდნენ, რადგან მშვენიერი გარეგნობის გარდა, მას უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა ჰქონდა. ძალიან მალე ჯინა ლოლობრიჯიდა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა.
ნიჭი
სანამ როლზე დათანხმდებოდა, ჯინა სცენარს ყურადღებით კითხულობდა და მხოლოდ მისთვის საინტერესოს თანხმდებოდა. როცა მთავარ როლებზე მიწვევებმა იკლო, არც მაშინ აუღია მეორეხარისხოვანი როლები, ჯინამ ნიჭი და ენერგია სხვა სფეროსკენ მიმართა.
თავდაპირველად, მსახიობმა ბედი ფოტოჟურნალისტიკაში მოსინჯა და შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. ჯინას ობიექტივმა უამრავი ცნობილი ადამიანი აღბეჭდა და თავი მოუყარა ფოტოალბომში – „ჩემი იტალია“.
ამის შემდეგ მსახიობმა ძველი ოცნება გაიხსენა და ფერწერასა და ქანდაკებაშიც წარმატებას მიაღწია. მსახიობმა დაამტკიცა, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.
ჩაცმის სტილი
ჯინას ყოველთვის ლამაზად და ელეგანტურად ეცვა, მაგრამ ცნობილი დიზაინერებისგან არასოდეს, არც ერთი კაბა არ უყიდია. თავის კაბებს მსახიობი თავად კერავდა, ამასთან, ქსოვილებს და აქსესუარებს განსაკუთრებული ყურადღებით არჩევდა. ჯინა ლოლობრიჯიდა დარწმუნებული იყო, რომ დიზაინერებზე კარგად მან იცის, რა უხდება.
მას, რა თქმა უნდა, შეეძლო ცნობილი მოდის სახლებში შეკერილი კაბები ჩაეცვა და სტილისტის მომსახურებით ესარგებლა, მაგრამ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება ერჩივნა.
ჯინა ლოლობრიჯიდამ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე შეინარჩუნა ხალისი და ოპტიმისტური განწყობა. მაყურებელს კი ის ყოველთვის ლამაზი, თავისუფალი და ძალიან ნიჭიერი ქალი ემახსოვრება.
კომენტარები