ამერიკულ ფსიქოლოგთა ასოციაციის ცნობით, ისეთი კომპიუტერული თამაშები, რომლებიც ომის შესახებ არის, ბავშვებზე აგრესიას ზრდის, მაგრამ მშობლების ჩარევას ნეგატიური ზემოქმედების შემცირება შეუძლია. კვლევის შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
ინდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრებმა საბრძოლო თამაშებზე დამოკიდებული მოზარდების ტვინის სკანირებით მიღებული მონაცემები სხვა ტიპის კომპიუტერული თამაშებით გატაცებული ბავშვების მონაცემებს შეადარეს. შედარებისას გაირკვა, რომ საბრძოლო თამაშების მოყვარულების ტვინის უჯრედები უფრო ემოციური და აღგზნებულია. ამასთან, შემცირებულია ტვინის იმ ნახევარსფეროს აქტივობა, რომელიც ყურადღების კონცენტრირებასა და საკუთარი თავის კონტროლზე ახდენს გავლენას.
საბრძოლო თამაშების მოყვარული ბავშვები გარშემომყოფებთან, მათ შორის ოჯახის წევრებთან უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. ისინი, ასევე კარგავენ ინტერესს ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ.
ჟურნალ “პედიატრიის” კვლევის თანახმად, საბრძოლო თამაშების მოყვარულ ბავშვებში ძილის პრობლემაც დგება. თავდაპირველად მათ ღრმა ძილი უჭირთ, მეორე ეტაპზე კი ძილის სურვილი ეკარგებათ.
მათ ასევე უმცირდებათ ვერბალური მეხსიერება – კომპიუტერული თამაშების მოყვარულ ბავშვებს ხმამაღლა ნათქვამი სიტყვების დამახსოვრების უნარი უქვეითდებათ. ფერხდება მათი განვითარებაც, მათ კონფლიქტურ სიტუაციებში აზრის აგრესიულად გამოხატვის სურვილი უჩნდებათ და დაბრკოლებების მშვიდობიანი გზით გადალახვის ნაცვლად, ისინი ამას ძალადობრივი მექანიზმებით აკეთებენ.
კომენტარები